"პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ბიუჯეტიდან იმდენი თანხა გამოიყოფა, რომ ის არათუ დასუსტდეს, არამედ, გაძლიერდეს"

პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ბიუჯეტიდან გამოიყოფა იმდენი თანხა, რომ არათუ დასუსტდეს, არამედ, გაძლიერდეს,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, მაჭავარიანის შეფასებით, სარეზერვო ფონდი პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან კონფლიქტში მოდიოდა.

„სარეზერვო ფონდი პრეზიდენტის დღევანდელ უფლებამოსილებასთან კონფლიქტში მოდიოდა, რადგან მთავრობის თუ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ძირითადად იქმნება ისეთი მოვლენების დასაფინანსებლად, რომლის განჭვრეტა დასაწყისში ძნელია. შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვა არის რთული, მაგალითად, არის სტიქიური მივლენები, შეიძლება იყოს ძალიან კარგი მოვლენებიც პირობითად, ჩვენმა სპორტსმენებმა იმაზე მეტი ოლიმპიური მედალი მოიტანეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა და შეიძლება ამისთვის იყოს გამოყენებული. ანუ თუ დააკვირდებით, ეს არის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენები. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი არარელევანტურია მის დღევანდელ უფლებამოსილებასთან",- განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინიტრაციის ხარჯებს, როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გამოიყოფა იმდენი თანხა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არათუ დასუსტდეს, არამედ გაძლიერდეს.

„ბიუჯეტის დღევანდელ ვერსიაში არის თანხა გამოყოფილი და კონულტაციები გაგრძელდება ამ მიმართულებით. რა თანხაც იქნება საჭირო თანამშრომლებისთვის, მოგზაურობისთვის, ეს ყველაფერი იქნება ბიუჯეტით გათვალისწინებული",- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.