Toyota ამერიკაში 143 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს

იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია Toyota აშშ-ში 143 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს.

ამის მიზეზი უსაფრთხოების ბალიშებში და სამუხრუჭე სისტემაში აღმოჩენილი დეფექტი გახდა. ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის ტრანსპორტის უსაფრთხოების სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაწვევა შეეხება დაახლოებით 96 ათას ყველგანმავალებს - Land Cruiser და Lexus LX570, რომლებიც 2008-2018 წლებში გამოვიდა. როგორც Toyota-ში აღნიშნავენ, ქარხნული წუნის შედეგად არის ალბათობა, რომ წინა და გვერდითა უსაფრთხოების ბალიშებმა არ იმუშაოს ავარიისას.

ასევე გაწვევას დაექვემდებარება 47 ათასი პიკაპი 2018-2018 წლების Toyota Tacoma. მათში აღმოჩენილია სამუხრუჭე სისტემის დეფექტი, რომელმაც შესაძლოა, სამუხრუჭე სითხის გაჟონვა გამოიწვიოს.

ავტომწარმოებელი იღებს ვალდებულებას, გამოასწორს ყველა ხარვეზი.

შეგახსენებთ, Toyota-მ მსოფლიოს მასშტაბით 2,4 მილიონი ერთეული ჰიბრიდული ავტომობილი ძრავში არსებული ხარვეზების გამო ოქტომბერშიც გაიწვია. მათ შორის 830 ათასი მანქანა იყო ამერიკაში.

კოკა კვირკველია