"ტექდათვალიერების შედეგად ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ვერ ვხედავთ"

ტექდათვალიერების შედეგად ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ვერ ვხედავთ,- ამის შესახებ ევროპის ფონდის პრეზიდენტმა, ქეთევან ვაშაკიძემ სასტუმრო „რადისონში“ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ჰაერის ხარისხის კუთხით საქართველოში არსებული ძირითადი გამოწვევები განიხილეს.

მისივე თქმით, ტექდათვალიერების ორი ეტაპის შემდეგ ჯერ-ჯერობით ჰაერის ხარისხის მიმართულებით გაუმჯობესება არ ჩანს.

„მანქანებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გატარებულია რამდენიმე ღონისძიება, მაგალითად ძველი ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის შემთხვევაში უფრო მაღალი გადასახადია, ახალ და ეკოლოგიურად სუფთა მანქანებზე - ნაკლები, მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგებს ვერ ვხედავთ. სამ თვეში ეს ვერც გამოჩნდება, მაგრამ უნდა ვხედავდეთ, რომ არის რაიმე გაუმჯობესება. თუმცა გარემოს დაბინძურების ერთი ფაქტორი რომც გაუმჯობესდეს, მეორე ფაქტორი, იგივე მშენებლობა ან სოფლის მეურნეობა გაუარესდეს, ჰაერის ხარისხზე დადებითი შედეგი არ იქნება" - განუცხადა ევროპის ფონდის პრეზიდენტმა "ინტერპრესნიუსს".

ამასთან, ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ამჟამად არასაკმარისად ხორციელდება.

"თბილისი ხშირად სახელდება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად. ჩვენთვის აუცილებელია, ვალდებულებები, რაც მთავრობას აქვს, შესრულდეს და სისტემატურად ხდებოდეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და საზოგადოებაც ინფორმირებული იყოს არსებულ მდგომარეობასა და იმაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება. დღესდღეობით მონიტორინგი არასაკმარისია. ჰაერის დაბინძურება საქართველოს რვა წერტილში იზომება, მაგრამ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ვნახოთ, როგორ გაუმჯობესდა მდგომარეობა. გვაქვს მაჩვენებლები, რომ აზოტით დაბინძურება გაიზარდა, მტვრის ნაწილაკები იზრდება. მაგალითად, ბათუმში ეს მონაცემი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. ის ქმედებები, რომლებიც განხორციელდა, ჩვენი აზრით, არასაკმარისია და არ გვაჩვენებს უკეთეს მდგომარეობას",- განაცხადა ვაშაკიძემ.