რა ეკონომიკური ცვლილებები შედის ძალაში დღეიდან

დღეს საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება.

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის ამოქმედება მოჰყვება. გარდა ადამიანის უფლებებისა და სახელისუფლებო შტოებს შორის უფლებამოსილების განსაზღვრისა, ახალი კონსტიტუცია რამდენიმე ეკონომიკურ საკითხს განსაზღვრავს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.

კონსტიტუციური ცვლილებების ფარგლებში შეიცვალა 94-ე მუხლიც, რომელიც გარდამავალი დებულების სახით ჩამოყალიბდა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში, აქციზის გარდა, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება ან გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ცნობისათვის, პარლამენტმა ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცა, რომელსაც მოგვიანებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და უწყებას მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა. მმართველმა გუნდმა შენიშვნები არ გაიზიარა, 110 მომხრე ხმით 8-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციური პროექტი 117 მომხრე ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.