2018 წლის 10 თვეში, თბილისში 2 590 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 74 პირი დაიღუპა, 3 207 კი დაშავდა. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.
რაც შეეხება გასულ წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 2 934 იყო, რომელთა შედეგადაც ჯამში 87 პირი დაიღუპა, 3 207 პირი კი დაშავდა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ნოემბრამდე თბილისში ყველაზე მეტი - 112 ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, რამაც 6 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილს აღმაშენებლის ხეივანი იკავებს, სადაც 80 ავარიის შედეგად, 4 პირი დაიღუპა, მესამე ადგილზე კი 78 შემთხვევით მტკვრის მარცხენა სანაპიროა, სადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, ჩამოთვლილი ქუჩების გარდა, მიმდინარე წელს გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, გურამიშვილისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირებზე, გორგასლისა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ასევე რუსთავის გზატკეცილზე ფიქსირდებოდა.