იაპონიაში უპილოტო სამგზავრო ავტობუსების ტესტირება დაიწყო

იაპონიის პრეფექტურა გუნმაში, უპილოტო სამგზავრო ავტობუსების ტესტირება დაიწყო. მსგავსი საველე ტესტირებები იაპონიაში პირველად ტარდება.

ამ მომენტისთვის ავტობუსების გავლის მანძილი მხოლოდ 1 კილომეტრია, ხოლო თავად ავტობუსები 20 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებიან. სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია ლაზერული სენსორებით, მრავალი კამერით, GPS-ნავიგატორით და შესაბამისი მოწყობილობით, რომელიც ავტომატურად აჩქარებს მას, ამუხრუჭებს და აკეთებს მოხვევის მანევრს. ავტობუსი უშეცდომოდ აღიქვამს შუქნიშნის განლაგებას და მის მდებარეობას სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან.

ამ დროისთვის იაპონიაში არ მოქმედებს წესი, რომელიც დაარეგულირებს უპილოტო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას გზებზე. თუმცა მსგავსი ტესტირების ჩასატარებლად ერთ სამართლებრივ დეტალს მიაგნეს - ავტობუსის მძღოლი მუდმივად ზის მძღოლის ადგილზე, რათა კონკრეტულ სიტუაციაში თავის თავზე აიღოს მართვა. გავრცელებული ინფორმაციით, ტესტირება გაგრძელდება მარტამდე, ხოლო მისი რეალურ პირობებში გამოყენება უკვე 2020 წლიდან იგეგმება, მაშინ როცა ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება. ამ დროისთვის უკვე ადგილობრივმა კანონმდებლებმა უნდა შექმნან საკანონმდებლო ბაზაც.

კოკა კვირკველია