ირანი სთხოვს ევროკავშირს, რომ შეერთებულ შტატებზე ზეწოლა მოახდინოს, რათა „ერბასისგან“ შეძენილი თვითმფრინავების მიწოდების უფლება მიიღოს. ირანის ახალი ამბების სააგენტო ISNA-ს ინფორმაციით, ირანს დაძველებული ავიაპარკის გამოცვლა სურს, რისთვისაც სამ დასავლურ კომპანიას, ჯამში 200 სამგზავრო თვითმფრინავი შეუკვეთა.
შეკვეთის დიდი ნაწილი - 100 თვითმფრინავი, „ეარბასისთვის“ არის შეკვეთილი, 80 „ბოინგისთვის“, დარჩენილი 20 კი - ფრანგულ-იტალიურ კომპანია ATR-სთვის, რომელიც ტურბოხრახნული ძრავებით აღჭურვილ რეგიონულ თვითმფრინავებს აწარმოებს. ეს შეკვეთები მას შემდეგ განხორციელდა, რაც 2015 წელს ირანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის, ბირთვული შეთანხმება გაფორმდა.
მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ეს შეთანხმება დატოვა, რასაც ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლება მოჰყვა. ამის კვალობაზე, აშშ-ის ხაზინამ „ბოინგს“ და „ეარბასს“, ირანისთვის კომერციული თვითმფრინავების მიყიდვის ლიცენზიები ჩამოართვა.
„ჩვენი მთავარი საზრუნავი ისაა, რომ საკუთარ მგზავრებს უკეთ მოვემსახუროთ. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ჩვენს მიერ „ეარბასისგან“ შეძენილი თვითმფრინავების მიწოდების უფლებას მოიპოვებს“, - ამბობს „ირანეარის“ მთავარი აღმასრულებელი ფარზანე შარაფბაფი.
მართალია, „ეარბასი“ ევროპული კომპანიაა და საფრანგეთშია ბაზირებული, მაგრამ თვითმფრინავების მისაწოდებლად, აშშ-ის ხაზინის „საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის“ (OFAC) სპეციალური ლიცენზია ესაჭიროება. ამის მიზეზი ისაა, რომ „ეარბასის“ თვითმფრინავების კომპონენტების დაახლოებით 10 პროცენტი, ამერიკული წარმოებისაა. როგორც ქალბატონი შარაფბაფი ამბობს, კომპანია ATR-ს უკვე მიღებული აქვს OFAC-ის ლიცენზია. ირანს მისგან უკვე მიღებული აქვს 20-დან 13 თვითმფრინავი.
„ეარბასს“ ლიცენზიის გაუქმებამდე, ირანისთვის სამი თვითმფრინავი მიწოდებული აქვს. ამასთან, ევროპული კომპანია ირანისგან მიღებულ შეკვეთებს აქტიურად ტოვებს. მისგან განსხვავებით, „ბოინგი“ ირანისგან შეკვეთილ თვითმფრინავებს, გაყიდულად არ მიიჩნევს და არც შეთანხმების შესრულებას აპირებს.