ბოლო ოთხი დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში, თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ფარგლებში ღამის საათებში ჩატარებული სპეციალური რეიდების დროს რესტორნები, ლაუნჯი ბარები და ღამის კლუბი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.
ალიანსის ცნობით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის ფაქტებმა განსაკუთრებით დედაქალაქის სამასპინძლო დაწესებულებებში იმატა, სადაც სამწუხაროდ, ზოგიერთი კაფე-ბარის და რესტორნის ადმინისტრაცია მწეველ სტუმრებს არათუ ხელს არ უშლის, მაგიდებს საფერფლეებითაც ამარაგებს.
„კვლავ რთული მდგომარეობაა მარჯანიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჩილიმ ბარებში: კორა, ბაღდადი, იშტარი, სადაც 16 დეკემბერს კვლავაც დაფიქსირდა ჩილიმის მოწევის შემთხვევები, რის გამოც აღნიშნული ობიექტების ადმინისტრაციები განმეორებითი დარღვევის გამო 1000-1000 ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ჩილიმ-ბარები მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს მოწყობილი სპეციალური რეიდის დროს და მოგვიანებითაც დაჯარიმდნენ. ასევე, განმეორებით დარღვევისთვის 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა რესტორან „მარტინის“ ადმინისტრაციას, სადაც სიგარეტს ეწეოდნენ“,- ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, 16 დეკემბერს, თელავში ორი სლოტ კლუბი დაჯარიმდა. იმავე დღეს ჯარიმა გამოუწერეს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარს „კაირო,“სადაც სიგარეტს ეწეოდნენ.
„17 დეკემბრის ღამით, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე, ე.წ. ლაუნჯი ბარს, სახელად „ჰუკა“, ზამთრის სეზონის გამო სივრცე სპეციალური ჟალუზებით დახურული ჰქონდა, სტუმრები კი ჩილიმსა და სიგარეტს ეწეოდნენ. ჩილიმის მოწევის ფაქტი დაფიქსირდა აღნიშნული დაწესებულების იმ სივრცეში, რომელსაც საზაფხულო რეჟიმი არ აქვს. მონიტორინგის სამსახურის გამოძახების შემდეგ „ჰუკას“ ადმინისტრაციას საპატრულო პოლიციამ 500 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. იმავე საღამოს, ელენე ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბი „კოჰიბა“ სიგარეტის მასობრივი მოწევის ფაქტის გამო დაჯარიმდა“,- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ცნობით, იმ სამასპინძლო დაწესებულებების უმრავლესობამ, რომელთაც სტუმრების მისაღები გარე, ღია, მაგრამ გადახურული სივრცეები აქვთ, გარე გამათბობელები დაამონტაჟა. სადაც გამათბობელები არ აქვთ, სივრცე ცელოფნის ჟალუზებით ან მექანიკური მინებით შეფუთეს და ამის მიუხედავად, ზოგიერთ მათგანში ღია სივრცის პრინციპით მოქმედებენ.
„თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სამსახური სპეციალურ რეიდებს მთელი ზამთრის განმავლობაში მოაწყობს. მონიტორინგი ასევე გამკაცრდა საჯარო დაწესებულებებში და საავადმყოფოებში, სადაც სამწუხაროდ, ზოგიერთი საჯარო მოხელისა და ექიმისგან დახურულ სივრცეში მოწევა შეიმჩნევა.
დახურულ სივრცეში თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო დაწესებულება პირველ ჯერზე 500 ლარით, ყოველ განმეორებით შემთხვევაზე კი, 1000 ლარით ჯარიმდება. დაწესებულებას აჯარიმებს საპატრულო პოლიცია, რომელიც თამბაქოს კონტროლის კანონის აღმასრულებელია. 2019 წლის პირველი იანვრიდან საჯარიმო სანქციები შეეხება მწეველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ. იმ შემთხვევაში, თუ ადმინსიტრაცია მათ აუკრძალავს მოწევას, არ დაემორჩილებიან და ამის გამო გამოიძახებს საპატრულო პოლიციას, დაჯარიმდება მხოლოდ ფიზიკური პირი. თუ ადმინისტრაცია მწეველ სტუმარს მოწევას არ აუკრძალავს, ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ორივე დაჯარიმდება, ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით, ფიზიკური პირი კი 100 ლარით. ფიზიკურ პირზე განმეორებითი ჯარიმა 200 ლარი იქნება“-, ნათქვამია განცხადებაში.
თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება 2018 წლის პირველი მაისიდან დაიწყო. მოწევა იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში. მოწევა დასაშვებია შენობაში, ან ვერანდაზე, რომელიც შესაძლოა გადახურულია, მაგრამ კედლების 50%-ზე მეტი ღია აქვს.