სოფლის განვითარების პროგრამის მესამე ფაზის თანადაფინანსების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა სოფლის განვითარების პროგრამის მესამე ფაზის თანადაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან იუწყებიან, აჭარა თავის წვლილს შეიტანს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე 10 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის - ENPARD-3: საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობა განხორციელებაში.

მათივე ცნობით, ეს ინიციატივა აჭარაში სოფლის განვითარების კუთხით მცირე და საშუალო ბიზნესს უწყობს ხელს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამონაწილობა 230 ათას ევროს შეადგენს.

,,დღეს გაეროს განვითარების ხელმძღვანელთან ერთად ხელი მოვაწერეთ ენპარდ 3-ის ხელშეკრულებას, რომელიც აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. ეს გახლავთ ათ მილიონი ევროს ღირებულების პროექტი და მისი მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, როგორც საოჯახო მეურნეობების, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. ჩვენ ძალიან დიდ რესურსს ვხარჯავთ სოფლის, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ამ პრიორიტეტს ემსახურება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

2018-2022 წლებში ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება მიმართული იქნება სოფლად არაფერმერული ეკონომიკის განვითარებაზე და სოფლის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაზე.

„სოფლის განვითარება ახალ შესაძლებლობებს მოუტანს ყოველ სოფელს, ხელს შეუწყობს თითოეული ადამიანის ეკონომიკურ და სოციალურ წარმატებას. ჩვენი ახალი ინიციატივის განხორციელების შედეგად აჭარა მიიღებს კომპლექსურ დახმარებას, რომელიც საფუძველს ჩაუყრის რეგიონის ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების გატარებას მისი მაცხოვრებლების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD, ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას.

„საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.