მსოფლიოში ნავთობი იაფდება

ნავთობის ფასი ზედიზედ სამი დღეა, ეცემა, რასაც ბაზარზე ჭარბი მიწოდება განაპირობებს. და ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) და მისი პარტნიორი ქვეყნები, მიწოდების შეკვეცაზე შეთანხმდნენ.

მიწოდების ზრდა მეტწილად შეერთებული შტატების და რუსეთის ხარჯზე ხდება. ამასთან, აშშ-ში ნავთობის მარაგებიც გაიზარდა. ამ ყველაფერმა ნავთობზე მოთხოვნა შეამცირა და შესაბამისად, ფასიც ეცემა.

დღეს ამერიკული საშუალოს (WTI) ფასი 4.1 პროცენტით (დაახლოებით 2.04 დოლარით), 47.84 დოლარამდე შემცირდა. ეს 2017 წლის სექტემბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უფრო ძვირი, ბრენტ მარკის ბარელი ნავთობი კი 4.0 პროცენტით (2.41 დოლარი), 57.20 დოლარამდე გაიაფდა, რაც ბოლო 14 თვის მინიმალური ფასია.

ორივე მარკის ნავთობი, ოქტომბრის შემდეგ დაახლოებით 30 პროცენტით არის გაიაფებული, რისი მიზეზიც, ჭარბი მიწოდება და მთელს მსოფლიოში მარაგების ზრდაა. ჰოლანდიურ ბანკ ING-ს ამსტერდამის ოფისის სასაქონლო ბაზრის სტრატეგ უორენ პატერსონის თქმით, ნედლი ნავთობის სიჭარბე განსაკუთრებით აშშ-სა და აზიაშია საგრძნობი.

OPEC-მა და ნავთობის სხვა ექსპორტიორმა ქვეყნებმა მოილაპარაკეს, რომ მსოფლიო ბაზარზე დღიური მიწოდება 1.2 მილიონი ბარელით შეამცირონ. ეს კი მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 1 პროცენტია. მათ მიზანს ბაზარზე ჭარბი მიწოდების დაბალანსება და ფასის ვარდნის აღკვეთა წარმოადგენს. თუმცა მიწოდების შეკვეცა ძალაში მხოლოდ იანვრიდან შევა.

როიტერსის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ თვეში რუსეთმა დღიური მოპოვება 11.42 მილიონ ბარელამდე გაზარდა. მოპოვება რეკორდულად გაიზარდა შეერთებულ შტატებშიც. ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, აშშ-ის შვიდ ძირითად აუზზე, წლის ბოლოსთვის ჯამური საშუალო დღიური მოპოვება პირველად ასცდება 8 მილიონ ბარელს.

აშშ-ის კუშინგის (შტატი ოკლაჰომა) მარაგების ჰაბში, საიდანაც ხდება ფიუჩერსების კონტრაქტებზე მიწოდების შესრულება, გასულ კვირაში მარაგები 1 მილიონი ბარელით გაიზარდა. ამ ტენდენციას განაპირობებს ის ფაქტი, რომ აშშ-ის საშუალო დღიური მოპოვება რეკორდულ 11.7 მილიონ ბარელამდე არის გაზრდილი. ამ მაჩვენებლით, აშშ მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მომპოვებელი გახდა.

ამერიკაში წარმოების რეკორდული ზრდა ძირითადად ფიქალური საბადოების ინტენსიური დამუშავების ხარჯზე ხდება. თუმცა ასეთ საბადოზე მოპოვება შედარებით ძვირია, რის გამოც, ფასის შემდგომი ვარდნის შემთხვევაში, ასეთ საბადოებს გაჩერება მოუწევს. თუმცა ეს მალე არ მოხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ფასის ვარდნა გაგრძელდბა. ბევრი ანლიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ პროცესზე OPEC+ ის გადაწყვეტილება ძლიერ გავლენას ვერ იქონიებს.