ზუგდიდში მესტიის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით განხორციელდება

ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების წარმოებისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ0-კმ2 მონაკვეთი 45 დღის განმავლობაში ჩაიკეტება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოვლით გზაზე გადაერთვება და ავტოტრანსპორტი მესტიის მიმართულებით და უკან იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 333-ე კმ-დან ჭავჭავაძის ქუჩის გამოყენებით.

დროის ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.