”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მოთხოვნები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე არ გავრცელდება

"ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მოთხოვნები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე არ გავრცელდება. აღნიშნული საკითხი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ წარადგინა.

“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის თანახმად, შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მიწისქვეშა სივრცით სარგებლობის ლიცენზიის მიღებას ექვემდებარება. კანონის შესაბამისად, სარგებლობის ლიცენზია არის სახეობა, რომელიც პირს სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლებას ანიჭებს და ის აუქციონის წესით გაიცემა.

“აუქციონის ჩატარების წესებისა და პირობებიდან გამომდინარე, შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ მიწისქვეშა სივრცით სარგებლობის ლიცენზიის მიღება ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს, ვინაიდან იგი ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია განახორციელოს მგზავრთა მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით მომსახურეობა. მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემა ვერ განხორციელდება. გარდა ამისა, აუქციონის წესით გაცემა დაკავშირებულია დროის ხანგრძლივ პერიოდთან და სათანადო პროცედურების განხორციელებასთან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მეტროპოლიტენის საქმიანობის შეფერხება. ასეთ შემთხვევაში, კი, ზიანი ადგება განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს“, - განმარტა ნინო ენუქიძემ.

მისი განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ შემოთავაზებული რეგულაცია სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე უმნიშვნელო გავლენას იქონიებს, ვინაიდან მიწისქვეშა სივრცის გამოყენებისთვის დაწესებული ერთჯერადი სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა მცირეა და ამასთან, ასეთი ლიცენზია საშუალოდ 20 წლის ვადით გაიცემა.

“ვინაიდან სხვა პრეტენტენტი არ შეიძლება არსებობდეს, მთავრობის ინიციატივაა, რომ თბილისის მეტროპოლიტენი ლიცენზიის მიღების ვალდებულებისგან გავათავისუფლოთ“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.