"საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის საელჩოების მუშაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამმონაწილეობა მიიღო და მოხსენება გააკეთა საქართველოს ელჩების კონფერენციაზე, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პანელში, რომლის დროსაც განხილული იყო მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პანელის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმატებულ და ეფექტიან საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ვალუტის მოზიდვა ქვეყანაში, რაც სამი გზით ხდება - გვჭირდება მეტი ტურისტი, რომლებიც ჩამოვლენ და დახარჯავენ ვალუტას; გვჭირდება მეტი უცხოური ინვესტიცია და ქართული ბიზნესებისთვის მეტი საექსპორტო ბაზრების გახსნა. სამივე მიმართულებით ჩვენი ელჩები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ჩვენი საელჩოების ეფექტურ მუშაობაზე,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს ზოგიერთ საელჩოში შეიქმნება ეკონომიკური დესპანის ახალი პოზიცია, რომელსაც ექნება მაღალი ლეგიტიმაცია და უკეთ იქნება ინტეგრირებული ჩვენს საელჩოებთან.

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს ისეთი დიდი რესურსი, როგორიც ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რომ პარალელურად თან საელჩოები გვქონდეს, თანაც შევინახოთ ატაშეების დიდი ინსტიტუტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო ეფექტური იქნებოდა, მისი ინტეგრირება საელჩოს სტრუქტურაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ეკონომიკურ დესპანად საელჩოში დასაქმებული პერსონალი დაინიშნება, ზოგ შემთხვევაში კი - ახალი კადრი,” - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, კომერციული დესპანები საგარეო საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარებიან, თუმცა ისინი მჭიდროდ ითანამშრომლებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან.

საქართველოს ელჩების კონფერენცია 21 დეკემბერს დაესრულდება.

მე-3 კვარტალში ეკონომიკა 3,7%-ით გაიზარდა