„რეზონანსი" - საქართველო ენერგეტიკულ ჩიხში ექცევა

ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში კატასტროფულად მატულობს.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოება ქვეყანაში დღითიდღე მცირდება, მსხვილი მრეწველობა გაჩერებულია და არც მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა შეინიშნება, დენით მომარაგება სახელმწიფოსათვის სულ უფრო რთული ხდება. როგორც აღმოჩნდა, 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარება შესაძლოა, 9%-ით გაიზარდოს. საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა არათუ ვერ გვარდება, უფრო და უფრო ჩიხში შედის. ამის ძირითადი მიზეზი კრიპტოვალუტების გამომუშავების ზრდა და აფხაზეთის უწყვეტი ელექტრომომარაგებაა.

ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში 14 მლრდ 832.1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის მოხმარებაა პროგნოზირებული, რაც მიმდინარე წლის, ასევე საპროგნოზო მაჩვენებელს (13 მლრდ 359,5 მლნ კვტ/სთ) დაახლოებით, 9%-ით აღემატება.

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდში არსებულ ვითარებას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ნოემბრის მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით, 2%-ით აჭარბებს და 1 მლრდ 78,081 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.

სპეციალისტები ენერგეტიკის სფეროში არსებული პრობლემის მიზეზად მსხვილი ჰესების მიმართ მოსახლეობის პროტესტს მიიჩნევენ. რაც შეეხება დენის მოხმარების ზრდასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, მათ მიაჩნიათ, რომ პრობლემა კრიპტოვალუტების გამომუშავების პროცესს, ე. წ. მაინინგს უკავშირდება.

გარდა ამისა, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ამბობს, რომ ამჟამად ელექტროენერგიით სრულად დაკმაყოფილება ქვეყნისათვის რეალურად შეუძლებელია.

„ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა დიდწილად კრიპტოვალუტასთან არის დაკავშირებული. სხვა მიზეზი ამ ეტაპზე რეალურად არც შეიძლება არსებობდეს, რადგან წარმოება განვითარებული არ არის, არც მოსახლეობაშია დიდი ზრდა და სხვა ფაქტორი ნაკლებად სავარაუდო მეჩვენება. ჰესების მშენებლობა არ მიმდინარეობს, სიმძლავრეები ვერ ვითარდება და დენის მოხმარების სრულად დაკმაყოფილება რეალურად შეუძლებელი ხდება.

რაც შეეხება აფხაზეთის ფაქტორს, წელს იქ, შარშანდელთან შედარებით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა არ არის, მაგრამ წინა წლებში სწრაფად მატულობდა, განსაკუთრებით - 2015-17 წლებში. ეს განპირობებულია მაინინგების გამომუშავებით. როგორც წესი, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, თუ ის გამოწვეულია მშპ-ის ზრდით, 9M-10 ან მეტი პროცენტითაც შეიძლება ფიქსირდებოდეს, მაგრამ დღეს ეს რეალობა არ გვაქვს. კრიპტოვალუტა კი ქვეყანას არაფერს აძლევს, მარტო ამ ბიზნესით დაკავებულ ადამიანს უზრდის შემოსავალს.

ამასობაში ელექტროენერგია იხარჯება, მოხმარება იზრდება, მაგრამ ეკონომიკა ამ პროცესების შედეგად ვერ ვითარდება. საშუალოდ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს ეკონომიკური განვითარების დონით 10-ჯერ ჩამოვრჩებით. შეიძლება, უფრო მეტადაც, ამიტომ ყველაზე მეტი ყურადღება ეკონომიკურ ზრდას უნდა მიექცეს.

შარშან დენის იმპორტმა 1,5 მილიარდი მგვტ შეადგინა. ახლა 1 მილიარდს გადასცდა და სწრაფი ტემპით თუ გაიზრდება, გაისად 2 მლრდ მგვტსაც მიაღწევს", - აცხადებს „რეზონანსთან" არველაძე.

ენერგეტიკოსის თქმით, ერთადერთი გამოსავალია, რომ სწრაფი ტემპით ჰესების მშენებლობის პროცესი დაიძრას.

„ახალი სიმძლავრეები უნდა ავამოქმედოთ, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებით, როცა ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებზეა საუბარი. მძლავრი ჰესები, ფაქტობრივად, ვერ შენდება, რადგან ამ პროცესს წინააღმდეგობა ხვდება.

რაც შეეხება დენის ალტერნატიულ წყაროებს, ამ მხრივ ქარის ენერგია ძალიან არასტაბილურია. იგივე შეიძლება მზის ენერგიაზეც ითქვას, ზამთარში ჩვენ ყველაზე რთული პერიოდი გვაქვს და მზის სადგურები დღეში 2-3 საათზე მეტხანს ვერ მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეს ალტერნატივაც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ გარკვეული შეზღუდვა ამ მხრივ არსებობს. იძულებული ვხდებით, რომ ელექტროსადგურების მშენებლობაზე გადავერთოთ", - აცხადებს რევაზ არველაძე.

დენის მოხმარების ზრდის მიზეზად ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავაც მაინინგის პროცესს ასახელებს. გარდა ამისა, საყოფაცხოვრებო სექტორში ზამთრის პერიოდია და ამ დროს ქვეყანაში დენის მოხმარება მატულობს. რაც შეეხება მრეწველობას, ტრანსპორტსა და სოფლის მეურნეობას, აქ ზრდა საეჭვოა. ტყიბულის მაღარო და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გაჩერებულია, შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა არ უნდა ფიქსირდებოდეს.

„პრობლემა, ძირითადად, მაინც ბიტკოინის პროცესს უკავშირდება. რაც შეეხება მძაფრ მოთხოვნას, საერთაშორისო ფორმულაა, როცა ტემპერატურა 1 გრადუსით იკლებს, მოხმარება 13%-ით მატულობს. რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა - კლიმატური, ეკონომიკური და ამავე დროს ენერგოტევადი ახალი ობიექტების შესვლა ექსპლუატაციაში.

რაც შეეხება აფხაზეთში დენის მოხმარებას, ვითარება სტაბილურადაა, ენგურის გამომუშავება შემცირდა, თუმცა ზამთარში გამომუშავებული ელექტროენერგია, პრაქტიკულად, აფხაზეთის მიმართულებით მიდის. ფაქტობრივად, თავისუფალი სიმძლავრეები არ რჩება. ჯერჯერობით ისეთი კატასტროფული მდგომარეობაც არ არის, დეკემბერში წყალსაცავი საშუალო დონეზეა და კრიტიკულ ზღვარს თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში მიაღწევს", - ამბობს „რეზონანსთან" ჭითანავა.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ახფაზეთისათვის მიწოდების საკითხს, აკადემიკოსი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას, გარკვეული მოსაზრების გამო, არაფრის შეცვლა არ შეუძლია.

„ის, რომ აფხაზეთს ჩვენ უნდა მივაწოდოთ ელექტროენერგია, მთავრობის დონეზეა გადაწყვეტილი და აქ ვერაფერს შევცვლით. პოლიტიკა ხელუხლებლად დარჩება, როგორც შესასრულებელი ვალდებულაბა მომდევნო რამდენიმე წელიწადშიც.

ჩვენი ეკონომიკა გადახდისუუნაროა, ღარიბი მოსახლეობა გვყავს და სანამ ეს ვითარება არ შეიცვლება, ენერგეტიკა ვერ განვითარდება. დღეს ენერგეტიკა კუდში მიჩანჩალებს და ეკონომიკა წინ გარბის, როცა პირიქით უნდა იყოს", - ამბობს ჭითანავა.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"