მომხმარებელთან კომუნიკაციის სრულყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა (Business Intelligence, ე.წ. BI) დანერგა.
ამის შესახებ ცნობილი ტექნოპარკში გამართულ პრეზენტაციაზე გახდა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.
BI-ის სისტემა გამოიყენება დიდი მოცულობის, სხვადასხვა ტიპისა და ფორმატის მონაცემების ვიზუალური წარმოდგენისა და ანალიზისათვის.
ახალი პლატფორმა საშუალებას მისცემს საბანკო სექტორს, მთავრობას, ბიზნესისა თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, მიიღონ ფინანსური სექტორის საქმიანობის შესახებ სებ-ის მიერ წარმოებული ინფორმაცია სწრაფად და ეფექტურად, ავტომატურად განახლებადი ინტერაქტიული საინფორმაციო დაფის ანუ ე.წ. „Dashboard“-ის საშუალებით.
სტატისტიკურ მონაცემებთან მუშაობის ნაცვლად, BI-ის მომხმარებელს შეეძლება გაეცნოს მეტ მონაცემებს, განსაზღვროს მისთვის სასურველი კვლევის არეალი და მარტივად დაინახოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები სხვადასხვა მაჩვენებლებს შორის.
კობა გვენეტაძის შეფასებით, BI-ის დანერგვით ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესების გზაზე. თუმცა, მას წინ უძღოდა არანაკლებ მნიშვნელოვანი განაცხადი ეროვნული ბანკის სტატისტიკაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინოვაციური სტატისტიკური ბიზნეს პროცესის - „სებსტატის“ დანერგვის თვალსაზრისით, რომელიც არის ფინანსური ინსტიტუტებიდან ინფორმაციის მოპოვების, ხარისხის კონტროლისა და დამუშავების სტატისტიკური ინფორმაციული სისტემა, რომლის მონაცემებზეც აიწყო BI-ის ინტერაქტიული რეპორტები.
აღნიშნული ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული Excel-ის სტატიკური ცხრილების ავტომატურად განახლებადი, ინტერაქტიული და ანალიტიკური ინფორმაციით ეტაპობრივად ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა.
ამასთან, BI სისტემის დანერგვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში მოხდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა მაღალი სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტისადმი. შედეგად, ტენდერის წესით შეირჩა მონაცემთა ვიზუალიზაციის ერთ-ერთი მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფა - Tableau, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად ლიდერობს BI-ის შესახებ სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიების მიმოხილვებსა და რეიტინგებში.
აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაყრდნობით მოეწყო ცენტრალიზებული პლატფორმა და დაინერგა ინტერაქტიული Dashboard-ების გარკვეული რაოდენობა. საწყის ეტაპზე, სებ-ის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა რეპორტები სესხებსა და დეპოზიტებზე, რომელსაც პერიოდულად დაემატება ახალი Dashboard-ები, მათ შორის ფულად გზავნილებზე და მონეტარულ მიმოხილვებზე.
„წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული ბანკის კიდევ ერთ საინტერესო და ინოვაციურ პროექტს - Business intelligence პლატფორმას, რომელიც საშუალებას გვაძლევს თითოეულ დაინტერესებულ მომხმარებელს მისთვის გასაგებ ენაზე და მისთვის მოსახერხებელი ვიზუალური ფორმით მივაწოდოთ ის უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია, რომელიც ეროვნული ბანკის მონაცემთა სისტემაში იყრის თავს. ციფრული ტექნოლოგიები და ინფორმაციის ვიზუალიზაცია, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეროვნულ ბანკში მუდმივად ვაახლებთ არსებულ სისტემებს და ვნერგავთ ტექნოლოგიურ სიახლეებს. BI-ს ახალი პროექტიც, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლებისთვის სტატისტიკური ინფორმაციის სწრაფად და მარტივად მიწოდებას ისახავს მიზნად. გარდა იმისა, რომ პლატფორმა მართლაც საუკეთესოა, და ამაში თავად დარწმუნდებით მისი დემო ვერსიის ნახვისას, განსაკუთრებით სიამაყეს მაძლევს ის ფაქტი, რომ ეს არის საქართველოში მსგავსი მასშტაბის BI-ის პროექტის დანერგვის პირველი პრეცედენტი. ეროვნული ბანკი, როგორც არაერთხელ, ამ შემთხვევაშიც პირველობას არ თმობს. დღეს, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების დონემ თავისთავად მოიტანა ინფორმაციის უსაფრთხოების პრობლემები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ერთიანი ანალიტიკური პლატფორმა ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანობას და უსაფრთხოების დონეს მაქსიმალურად უზრუნველყოფს. გარე მომხმარებლისთვის მიწოდებული საჯარო ინფორმაცია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი არ სრულდება წარმოდგენილი ინტერაქტიული რეპორტების დანერგვით. ეს პროცესი გაგრძელდება და ეროვნული ბანკის მონაცემთა ბაზის განვითარების პარალელურად, კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს. აღსანიშნავია, ის დიდი შრომა და ძალისხმევა, რაც სამუშაო ჯგუფმა და პროექტში ჩართულმა მხარეებმა გასწიეს, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.