ფილიალების დახურვა და საფასო პოლიტიკის გადახედვა - ტექნიკის ბაზარი საბანკო რეგულაციებზე მორგების გზებს ეძებს

საბანკო რეგულაციებმა ტექნიკის ბიზნესი საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენა. განვადებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ, პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება და ტექნიკის მაღაზიებს შორის კონკურენციის გაზრდა გამოიწვია. ამის გამო, დიდი ქსელების ნაწილი ფილიალების შემცირებას და ონლიან გაყიდვების გააქტიურებას, ნაწილი კი, საფასო პოლიტიკის გადახედვას გეგმავს.

ცნობისათვის, 7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს კრედიტის გაცემა შეეზღუდათ. თვითდასაქმებულებს კომერციული ბანკიდან თანხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა სჭირდებათ. საყოფაცხოვრებო ნივთების ან ტექნიკის განვადების წესით შეძენის დროსაც იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც ტექნიკის მაღაზიებში გაყიდვის შემცირების მიზეზი გახდა.

„ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ საბანკო რეგულაციებით შექმნილ სირთულეებს, კომპანია ონლაინ გაყიდვების გააქტიურებით და ზოგიერთი ფილიალის დახურვით გაუმკლავდება. მისი თქმით, ამით შემცირდება ხარჯები, მომსახურება და საფასო პოლიტიკა კი გაუმჯობესდება.

„გასული წელი საკამოდ რთული იყო. ზუსტი ციფრების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ტექნიკის ბაზარზე შემცირების ტენდენცია გვქონდა. ამასთან, შემცირდა ჩვენი გაყიდვებიც. ახლა ვცდილობთ, საბანკო რეგულაციებს მოვერგოთ და რეორგანიზაციით კომპანიაში ეფექტურობა გავზარდოთ. გარდა იმისა, რომ ახალ პროდუქტს ვთავაზობთ მომხმარებელს და საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასო მიტანას ვთავაზობთ, ალბათ, ფილიალების შემცირება მოგვიწევს. ვგულისხმობ იმ მაღაზიებს, რომელიც შედარებით არარენტაბელური და წამგებიანია“,-აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

კონკრეტულად, სად და რამდენი ფილიალი დაიხურება, ამასთან, მოხდება თუ არა თანამშრომლების შემცირება - „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელს ამ ეტაპზე ზუსტი პასუხები არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ კომპანია ცვლილებებს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ განახორციელებს.

„ამ წუთას ვერ გეტყვით, სად და რამდენ ფილიალს დავხურავთ. წლის ბოლოს მოხდება ამის ანალიზი და მერე გადავწყვეტთ. რაც შეეხება თანამშრომლებს, სხვა ფილიალებში გადავანაწილებთ, თუმცა თუ რეგიონში მოგვიწია დახურვა და იქ სხვა მაღაზია არ გვაქვს, შეიძლება მოგვიწიოს გაშვება. ყველანაირად შევეცდებით, ეს ნაკლებ მტკივნეულად მოხდეს და ოპტიმალური გამოსავალი ვიპოვოთ“,-აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

როგორც „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, კომპანიაში გაყიდვების 60% განვადებებზე მოდიოდა, თუმცა 7 მაისიდან ამოქმედებულმა რეგალციებმა მისი წილი გაანახევრა.

ფილიალების შემცირებას არა, მაგრამ საფასო პოლიტიკის გადახედვას გეგმავს „ბეკოც“. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, „კონკურენტუნარიანი ფასებით შეებრძოლება“ .

„საბანკო რეგულაციებმა რა თქმა უნდა, უარყოფითი შედეგი მოიტანა. განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც რეალიზაცია დაახლოებით, 14-დან -17%-მდე შემცირდა. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რეორგანიზაციას და მაღაზიების დახურვას. მითუმეტეს, არც თანაშრომლების გაშვებას.

შევეცდებით, რომ არსებულ გამოწვევებს ახალი პროდუქციის დამატებით, სხვადასხვა სასაჩუქრე და ფასდაკლების აქციებით ვუპასუხოთ. ეს პროცესი დავიწყეთ კიდეც. გვინდა, რომ ამით დავაკომპენსიოთ ზარალი. თორემ, როგორც ჩანს, რეგულაცების გაუქმების პესპექტივა ახლო მომავალში არ ჩანს. პირიქით, იანვრიდან კიდევ უფრო მკაცრდება. ამიტომ შევეცდებით ბაზარზე ადგილის შესანარჩუნებლად კონკურენტუნარიანი ფასებით ვიბრძლოთ“,-აცხადებს მეჰმედ მელექი.

ნინი ქეთელაური
„ტექნო ბუმი“ ონლან-გაყიდვების ბაზარზე აქტიურდება - რატომ გადაწყვიტა კომპანიამ ახალი სერვისის დანერგვა