საქართველოს სახელმწიფო ბანკის ასი წლისთავთან დაკავშირებით, 2019 წელს საკოლექციო დანიშნულების ხუთლარიანი ნომინალის მონეტის გამოშვება მოხდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ტექნოპარკში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
კობა გვენეტაძის თქმით, საკოლექციო მონეტა მომავალი წლის ბოლოს გამოვა.
"მინდა დავაანონსო ერთი საკითხი, კერძოდ, 2019 წელს სრულდება საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებიდან ასი წელი. ჩვენ მომავალ წელს ამ საიუბილეო თარიღის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ვგეგმავთ, რომელზეც დრო და დრო საზოგადოებას მოვახსენებთ. ასევე, ამ მოვლენის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა საკოლექციო დანიშნულების ხუთლარიანი ნომინალის მონეტის გამოშვება. გამოცხადდა კონკურსი, გამოვლინდა გამარჯვებული დიზაინიც და ეს მონეტა მომავალი წლის ბოლოს გამოვა. ვფიქრობ, კოლექციონერებს აუცილებლად დააინტერესებთ ეს თემა, რადგან დროთა განმავლობაში უკვე ძალიან დიდი ინტერესი არის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტების მიმართ და ძალიან დიდი მოთხოვნა არის ამ მონეტებზე. კიდევ რამდენიმე ძალიან საინტერესო მონეტა იქნება გამოშვებული შემდეგ წელს",- განაცხადა გვენეტაძემ.