კობა გვენეტაძე -  პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, ვფიქრობ, გრძელვადიან პერიოდში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით შეუძლებელია რაიმე პროგნოზების გაკეთება ცალსახად. მასზე საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად, მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება შეიცვალოს რეფინანსირების განაკვეთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იქიდან გამომდინარე, თუ რა ინფლაცია იქნება ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპროცენტო განაკვეთი არის ის მაჩვენებელი, რომლის დინამიკასაც გრძელვადიან პერიოდში უნდა შევხედოთ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერიოდში ეს გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, რადგან ის რისკფაქტორიანი მსესხებელი, რომელიც სესხს იღებდა ყოველგვარი შემოსავლის დადასტურების და შემოწმების გარეშე, ამ ჯგუფში აღარ იქნება, რადგან დაადასტურებს შემოსავალს და აღარ გადაიხდის მაღალ საპროცენტო განაკვეთს. საკითხს უნდა შევხედოთ გრძელვადიან პერსპექტივაში",- განაცხადა გვენეტაძემ.