ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილმა „წითელ ნუსხაში“ შესულმა 2 წლის ნაკადულის კალმახმა პირველად იქვირითა

ნაკადულის კალმახის საშენში ქვირითობის პერიოდი მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მომავალი თაობის მიღების მიზნით განაყოფიერების პროცესის შემდეგ ქვირითის ინკუბატორში განთავსება ხდება. პრაქტიკული გამოცდილებით დასტურდება, რომ კალმახი ქვირითობას მეორე წლიდან იწყებს.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობა ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი. ამ დროისთვის ხელოვნურად გამოჩეკილია 8000 ცალი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა. მეურნეობის გეგმაა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანება.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. ასეთი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვური გამრავლება და მდინარეთა გათევზიანება ხდება. მსგავსი ღონისძიების გარეშე საქართველოს მდინარეებში სახეობა დროთა განმავლობაში დაიკარგება.