უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტების გადასახადებს შორის სხვაობა, თამბაქოს ინდუსტრიას შესაძლებლობას აძლევს, გადასახადს გვერდი აუაროს - ასე აფასებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა იმ სქემას, რომელსაც თამბაქოს ადგილობრივი ინდუსტრია ბოლო პერიოდში მიმართავს.
შესაბამისად, ორგანიზაცია საქართველოს რეკომენდაციას აძლევს, რომ გადასახადები თამბაქოს ყველა პროდუქტზე გაზარდოს და აღსანიშნავია, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშიც არის შესული.
“საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტს განესაზღვრება ერთი განაკვეთი, რომელიც 20 ღერზე 1.7 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ სიგარეტზე აქციზის გადასახადი ბოლოს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან გაიზარდა და დღეს უფილტრო სიგარეტის ღირებულებაში აქციზის ფასი 60 თეთრი, ხოლო ფილტრიან სიგარეტზე 1,70 ლარია. სხვაობა კი კოლოფზე 1,10 ლარი გამოდის. სფეროს სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ეს სხვაობა გახდა იმ მანიპულაციების მიზეზი, რასაც თამბაქოს ადგილობრივმა ინდუსტრიამ მიმართა. როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე წელია ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ე.წ. „ასაწყობი სიგარეტი“ იყიდება, რომელიც თითქოსდა უფილტროა, თუმცა, ფილტრები საჩუქრად მოყვება და მომხმარებელს მარტივად შეუძლია მასში ფილტრის მოთავსება. სწორედ ამ გზით, თამბაქოს ადგილობრივი წარმოება ბიუჯეტს ერთ კოლოფზე 1.10 ლარს უმალავს. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის აკაკი ზოიძის შეფასებით, სწორედ კანონმდებლობაში არსებული ეს „ხვრელი“ გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმ კანონპროექტის შემუშავების, რომელიც უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გათანაბრებას გულისხმობს. ზოიძის განცხადებით, ამ სქემის საშუალებით სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით, 45 მლნ ლარი აკლდებოდა.
„სახელმწიფო ბიუჯეტს აქციზიდან 45 მილიონი აკლდება იმ ხვრელის გამო, რომელიც დატოვებულია უფილტრო და ფილტრიან სიგარეტს შორის აქციზის განსხვავებასთან დაკავშირებით. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გადასახადი თანაბარი უნდა იყოს. აქციზის დაახლოებით 30%-იანი მატება ჩვენნაირ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებას 5-8%-ით ამცირებს. მაგრამ იმის გამო რომ ეს ხვრელი არსებობდა, ის შედეგი რაც ჯანმრთელობის მხრივ უნდა მიგვეღო ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ბევრი მწეველი ჩანაცვლებაზე გადავიდა და უფრო იაფფასიანი პროდუქტის მოხმარება დაიწყო. სწორედ ამიტომ ითხოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქციზის გათანაბრებას, რომ ადამიანებმა ან შეამცირონ მოხმარება ან საერთოდ თავი დაანებონ მოწევას,“-აღნიშნა ზოიძემ რადიო "პალიტრას" გადაცემაში "საქმე" სტუმრობისას.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის განცხადებით კი, ხელისუფლება თვალს ხუჭავდა იმაზე რომ ე.წ. ასაწყობი სიგარეტების გაყიდვით, ადგილობრივი წარმოება სახელმწიფო ბიუჯეტს ერთ კოლოფზე 1.10 ლარს პარავდა.
„დაახლოებით 5 წელია, ბაზარზე არის ე.წ. ასაწყობი სიგარეტი და როგორც კი ეს პროდუქტი გამოჩნდა, ფინანსთა სამინისტროს გარკვეული ზომების გატარება კატეგორიულად მოვთხოვეთ. საუბარია, თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების მანიპულაციებზე, რომლითაც - უფილტრო სიგარეტს აწარმოებენ, რომელსაც რეალიზაციისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფილტრები ცალკე მოყვება და რეალურად ფილტრიან სიგარეტს ვიღებთ. ამას გადასახადებისგან თავის არიდება ჰქვია. 5 წლის განმავლობაში მოვუწოდებდით მთავრობას, რომ თუ კანონში რამე ხარვეზი იყო და თამბაქოს ადგილობრივი ბიზნესის ქმედებას კრიმინალში ვერ გავიყვანდით როგორც გადასახადებისგან თავის არიდებას, ეს საკანონმდებლო ხარვეზი გამოესწორებინათ, მაგრამ ეს იყო წაყრუების პოლიტიკა. ფაქტია, ხელისუფლება თვალს ხუჭავდა იმაზე რომ ე.წ. ასაწყობი სიგარეტების გაყიდვით, ადგილობრივი წარმოება სახელმწიფო ბიუჯეტს ერთ კოლოფზე 1.10 ლარს პარავდა,“-აღნიშნავს ბახტურიძე.