გერმანია მინიმალური ხელფასის შემოღებას აპირებს

პირველად გერმანიის ისტორიაში ბუნდესტაგი გეგმავს, შემოიღოს კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ.

მინიმალური ხელფასის ზღვარი საათში 8,5 ევრო იქნება, რაც გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ კანცლერ ანგელა მერკელის მეთაურობით უკვე დაუჭირა მხარი კანონპროექტს. მანამდე გერმანიაში მინიმალური ხელფასის განაკვეთი არ რეგულირდებოდა კანონით, თუმცა წარმოადგენდა შეთანხმების საგანს პროფკავშირებსა და მწარმოებლებს შორის. დღეისათვის გერმანია ერთ-ერთია ევროკავშირის იმ შვიდი ქვეყნიდან, სადაც კანონით არ არის დადგენილი ხელფასის მინიმალური ზღვარი.

გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება განსჯის საგანი გახდა კერძო სექტორში. ადგილობრივი მეწარმეების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელფასის მინიმალური ზღვარის დაწესება გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას და ბიზნესის გადატანას იმ ქვეყნებში, სადაც სამუშაო ძალა უფრო იაფია.

ვარაუდობენ, რომ კანონი ძალაში 2015 წლის იანვრიდან შევა, ხოლო 2018 წლიდან მინიმალური ხელფასის ზღვარის გადახედვა ყოველ წელს მოხდება.