„კრისტალი" უერთდება ვალების ჩამოწერის პროგრამას და სებ-ის ახალი რეგულაციების ძალაში შესვლამდე დამატებით შეღავათებს სთავაზობს ვადაგადაცილებაში მყოფ დანარჩენ მსესხებლებს

„კრისტალი“ ჩაერთო ფონდი ქართუს ვალების ჩამოწერის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც წლის ბოლომდე ჯამში 3.37 მლნ ლარის მოცულობის სესხებს ჩამოწერს, რაც კომპანიის მთლიანი სასესხო პორთფელის დაახლოებით 1%-ია.

აღნიშნული ინიციატივის გარდა, სესხების გაცემის ახალი რეგულაციის ძალაში შესვლამდე „კრისტალი“ მიმდინარე ვადაგადაცილებაში მყოფ იმ მომხმარებლებს, ვისაც არ შეხებია ვალების ჩამოწერის პროგრამა, განურჩევლად სესხის მოცულობისა და ვადაგადაცილების ხანგრძლივობისა, მომხმარებლის მხრიდან თანამშრომლობის შემთხვევაში შეღავათებს შესთავაზებს. ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ საგადასახადო კოდექსში უკვე ინიცირებული ცვლილების მიღების შემდეგ, „კრისტალის“ პროგრამა „შეხვდი ახალ წელს დადებითი საკრედიტო ისტორიით“ მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

“კრისტალში ჩვენ ყოველთვის გვქონდა და გვექნება პარტნიორული მიდგომა ჩვენს მომხმარებელთან და ვთვლით, რომ ჩვენი მომხმარებლის წარმატება და გამოწვევა, ჩვენი წარმატება და გამოწვევაცაა. ამიტომაც, ჩვენ დღეს ვდგამთ დამატებით ნაბიჯს, იმისთვის რომ 2019 წელს, დაკრედიტების ახალი წესების დამკვიდრებას, უფრო ძლიერები და განვითარებაზე ორიენტირებულები შევხვდეთ ჩვენს მომხმარებლებთან ერთად“, განაცხადა კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ. „ჩვენ უკვე შევუერთდით ფონდი ქართუს ვალების ჩამოწერის პროგრამას და ჯამში 3.37 მილიონი ლარის მოცულობის სესხებს ჩამოვწერთ, რაც ჩვენი მთლიანი აქტიური პორთფელის დაახლოებით 1%-ია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „კრისტალი“ ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით სესხების გაცემისადმი, რის შედეგადაც ვადაგადაცილებაში მყოფი სესხების რაოდენობა ძალიან მცირეა. სწორედ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამყარდეს ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, ჩვენ გამოვდივართ დამატებითი ინიციატივით, რომელიც ეხება ყველა იმ მომხმარებელს, ვისაც მიმდინარე ვადაგადაცილება აღენიშნება. დამატებითი ინიციატივა არ გულისხმობს სესხების სრულ პატიებას, თუმცა მომხმარებლები მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებენ, რათა გაუმჯობესებული საკრედიტო ისტორიით შეხვდნენ ახალ წელს. ამიტომ მოვუწოდებ 2018 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით ვადაგადაცილებაში მყოფ ჩვენს მომხმარებლებს დროულად მიმართონ „კრისტალის“ ფილიალებს“, დაამატა არჩილ ბაკურაძემ.

„კრისტალის“ პროგრამა „შეხვდი ახალ წელს დადებითი საკრედიტო ისტორიით“ 2018 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

კრისტალის შესახებ:

“კრისტალი“ ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმეული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100,000 ზე მეტ კლიენტს. მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. „კრისტალი“ პირველი არასაბაკო საფინანსო ორანიზაციაა რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა და ასევე პირველმა გამოუშვა 10 მლნ ლარის მოცულობის კორპორაციული ობლიგაციები. 2018 წლის 13 დეკემბერს, „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა.

(R)