უცხოეთში მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული, ხოლო ქვეყნის ფარგლებს შიგნით - 825 000 ადამიანი.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, შენგენის ქვეყნების ნაწილმა საქართველოს მოქალაქეთათვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა დაუშვა, რაც ქვეყნიდან სამუშაო ძალის ახალი ტალღის გადინებას გამოიწვევს.
საფრანგეთმა და პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეებს ახალი შესაძლებლობა მისცა - ამ ქვეყნებში ისინი ლეგალურად დასაქმდებიან. თავისთავად, შრომის კანონიერი უფლების მოპოვება პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ეს ახალი სამუშაო ძალის გადინებას გამოიწვევს. ეს ფაქტი კი ქვეყნის ეკონომიკისათვის ცალსახად არასასურველია.
ქვეყნის გარეთ დასაქმებული მოქალაქეები ვერ მონაწილეობენ მშპ-ის შექმნაში, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის გადმორიცხული თანხები არა ეკონომიკური პროცესის წარმართვას, არამედ ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ხმარდება.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ საქართველო იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების რიგში ერთ-ერთია, რომლებსაც ქვეყნის გარეთ გაცილებით მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ვიდრე ქვეყნის შიგნით.
„სამწუხაროდ, საქართველო იმ უიშვიათეს ქვეყნებს შორისაა, რომელთაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბევრად მეტი დაქირავებით დასაქმებული ჰყავს, ვიდრე შიგნით. უცხოეთში მილიონამდე ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, თუმცა ეს არ არის ზუსტი სტატისტიკა და ზუსტი ციფრი არც არსებობს.
რასაკვირველია, კარგია, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიმეორის მიყოლებით სურვილს გამოთქვამენ ჩვენი მოქალაქეების ლეგალურად დასასაქმებლად, მაგრამ მედლის მეორე მხარე საქართველოსთვის ძალიან ცუდია – ჩვენი მოქალაქეები სხვა სახელმწიფოთა ეკონომიკის აღმშენებლობაში იღებენ მონაწილეობას.
დროთა განმავლობაში ჩვენთანაც გაიზრდება მოთხოვნა სამუშაო ძალაზე, ადგილი კი თავისუფალი, როგორც წესი, არ რჩება და ჩვენ მოგვიწევს, არაევროპული წარმომავლობის ქვეყნებიდან მიღება უმუშევართა დიდი ნაკადისა. ჩვენი ისტორიული და დემოგრაფიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ეს მაინცდამაინც სასურველი არ არის. ამ პროცესს უ ნდა შევხედოთ მაქსიმალურად რაციონალურად და ისეთ რეგულაციებზე უნდა იმსჯელოს სახელმწიფომ, რომ ეროვნული სტრატეგიული ინტერესების მივიწყება არ მოხდეს", - განუცხადა „რეზონანსს" არჩვაძემ.
პროფესორი პაატა აროშიძე კი ახალი ევროპული შესაძლებლობის დადებით მხარეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დიდი მოლოდინი, თითქოს ყველა მსურველი შეძლებს ევროპაში დასაქმებას, მცდარია და მოთხოვნა მხოლოდ კონკრეტულ პოზიციებსა და პროფესიებზე იქნება.
„ევროპასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი გულისხმობდა მხოლოდ მოგზაურობისა და დასვენების, ასევე სამედიცინო მიზნით 180 დღეში 90-დღიან გასვლას ქვეყნიდან შენგენის ფარგლებში. ის არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობდა დასაქმებას. მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები ნიშნავს, რომ საქართველო შედის იმ სამუშაო ძალასა და ეკონომიკურ სამყაროში, რასაც ევროპა ჰქვია. ეს იმიჯისათვის ცალსახად პოზიტიურია.
ხელშეკრულებაში საუბარია კონკრეტულ დარგებში დასაქმებაზე და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული ისე, თითქოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი ექნება, დატოვებს ქვეყანას და დასაქმდება საფრანგეთში. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, პროფესიები და დასაქმების სფეროები, რომლებზეც დაშვებული იქნება ლეგალურად შრომის უფლება.
ქართველი არალეგალი მიგრანტების მთავარი პრობლემა ხომ ისაა, რომ ისინი თანხმდებიან დაბალ ანაზღაურებას. არაკანონიერი დასაქმება მას როგორც დაქირავებულს, აყენებს არათანაბარ პირობებში და ამის შეცვლა, რასაკვირველია, პოზიტიურია.
აქ ისიცაა გათვალისწინებული, რომ ლეგალურად დასაქმებული პირი მიიღებს იმ შემოსავალს, რომელიც ევროპის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული და არა იმას, რასაც პირადი მოლაპარაკების შედეგად გადაუხდიან, ყოველგვარი დამატებითი გარანტიების გარეშე.
ქვეყნის ეკონომიკა, რასაკვირველია, ამით ვერ გაჯანსაღდება, მაგრამ იმიჯისა და კონკრეტული ადამიანებისათვის პოზიტიურია. სახელმწიფო ვერ ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ეს ხალხი სრულიად დაუსაქმებელია ხშირ შემთხვევაში", - აცხადებს აროშიძე „რეზონანსთან".
ქვეყნის საგარეო უწყების ცნობით, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ" ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება. დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოში. საფრანგეთში დასაქმებისათვის დროებითი ბინადრობის მოწმობას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის - ახალგაზრდა სპეციალისტები, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის კურსამთავრებული სტუდენტები, რომლებსაც საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება სურთ, შემდგომში სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივით. შეთანხმებით, ახალგაზრდა სპეციალისტების წლიური კვოტა 150-ია მაშინ, როდესაც ყველა სხვა კატეგორიაზე ჯამში კვოტა 500-ია.
ნინა გარდაფხაძე
გაზეთი „რეზონანსი"