ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებაზე მიმართული რეგულაციების გავლენა კრედიტის ზრდაზე მკაცრად უნდა გაკონტროლდეს - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
„ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებაზე მიმართული რეგულაციები მოსაწონია, თუმცა, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მათი გავლენა კრედიტის ზრდაზე. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მაღალი, მეტად ინკლუზიური ზრდის მიღწევის გზაა. პრიორიტეტებს შორისაა: ახალი კანონის მიღება კორპორაციათა გაკოტრების შესახებ და კარგად შედგენილი, ყოვლისმომცველი რეფორმა საგანმანათლებლო სფეროში“-აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი" საქართველოს პროგრამის მესამე მიმოხილვა დაასრულა. ამ მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება დაახლოებით, 41.6 მილიონი აშშ დოლარი. მიმდინარე პროგრამა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2017 წლის 12 აპრილს დაამტკიცა. „2018 წლის ბოლოსთვის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, ზოგი კრიტერიუმი შესრულებულია მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. პროგრამის მხოლოდ ერთი კრიტერიუმი შესრულდა ორი კვირის დაგვიანებით,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.