„აკ ეარ ჯორჯიაში“ ლატვიელი ინვესტორები შევიდნენ - რა სიახლეები იგეგმება შიდა ფრენების მიმართულებით

შიდა ფრენების ოპერატორ „სერვისეარ ჰოლდინგსა“ და მის შვილობილ „აკ ეარ ჯორჯიაში“ ლატვიელი ინვესტორები შევიდნენ.

სამეწარმეო რეესტრის ბოლო,12 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით, „აკ ეარ ჯორჯიას“ 20%-აინი წილი ლავტიურ კომპანია WINGS 4 SKY GROUP SIA-ს ეკუთვნის, 80% კი „სერვისეარს“. ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელი კი „სერვის ეარ ჰოლდინგია“.

„სერვისეარ ჰოლდინგის“ მფლობელი აქამდე ამირან მანჯავიძე იყო, რომელმაც 49% ლატვიელ ინვესტორს კონსტანტინს სოლოდუჰას დაუთმო, კიდევ 2% ირაკლი კუტალიას, რომელიც კომპანიაში მანჯავიძესთან ერთად, მეორე დირექტორი გახდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ირაკლი კუტალიამ განუცხადა, კომპანიაში უცხოელი ინვესტორის შემოსვლის მთავარი მიზეზი აეროდრომის რეკონსტრუქცია და შემდგომი განვითარება იყო.

„ნატახტარში აეროდრომი ფუნქციონირებს. ხორციელდება შიდა ფრენებიც, თუმცა ისიც შეზღუდული რაოდენობით. იმისათვის, რომ აეროდრომი გამხდარიყო საერთაშორისო კლასის, ასევე გვყოლოდა უფრო მეტი თვითმფრინავი, საჭირო იყო დამატებითი ინვესტიციები. ამიტომაც კომპანიაში შემოვიდა ლატვიელი ინვესტორი“, - განაცხადა კუტალიამ.

როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, ნატახტარის აეროდრომს ახალი რეისები დაემატება, მათ შორის, განხორციელდება კომერციული ფრენები. „თუმცა, კონკრეტულად რა მიმართულებით, ეს ცნობილი იანვარში გახდება. ახლა ამ საკითხს ვსწავლობთ“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ირაკლი კუტალიამ.

ცნობისათვის, „აკ ეარ ჯორჯიამ“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერშის გაიმარჯვა. შესაბამისად, მომავალი 4 წლის განმავლობაში შიდა ფრენებს სწორედ ეს კომპანია შეასრულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ „აკ-ეარ ჯორჯია“ ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც „საქართველოს აეროპორტების“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი შეასრულოს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი, რისთვისაც სახელმწიფოს 49 556 914 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. რეისები უნდა შესრულდეს მესტია-ქუთაისი-მესტია; ნატახტარი-მესტია-ნატახტარი; ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი და თბილისი-ბათუმი -თბილისის მიმართულებით. ავიაბილეთების რეალიზაცია კი შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ფასით უნდა განხორციელდეს