„სილქნეტმა“„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად საქველმოქმედო სადილი გამართა

კომპანია „სილქნეტის“ მიერ გამართული საქველმოქმედო სადილი საზოგადოებაში ფონდის ცნობადობის ამაღლებასა და დაჭრილ მეომართა ზრუნვის საქმეში სხვადასხვა კომპანიების, ბიზნესმენების და საზოგადოების წევრთა ჩართულობას ისახავდა მიზნად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესკომპანიები, დიპლომატიური კორპუსი, სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფი, ასევე, ქვეყნის ერთიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე დაჭრილი მებრძოლები, ვეტერანები, მედია და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საზოგადოების წევრები.

ღონისძიებაზე ფონდის მმართველობამ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ფონდის საქმიანობა, მისია და მიზნები.

„სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა“ და ფონდის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა და „სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა და ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას და ბიზნეს სეგმენტს სამშობლოს დამცველი მეომრების და მათი ოჯახების ღირსეული ყოფის უზრუნველყოფისთვის, გაერთიანების ინიციატივით მიმართეს.

საქველმოქმედო სადილი მუსიკალურად გააფორმა, საგანგებოდ მოწვეულმა თავდაცვის სამინისტროს ბენდმა.

ღონისძიების მსვლელობისას დასახელდნენ ის კომპანიები და ადამიანები, რომლებმაც ფონდის საქმიანობის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი კონტრიბუცია გაიღეს.

ფონდის თანადგომაში მეტი ჩართულობისთვის, „სილქნეტმა“ შექმნა საქველმოქმედო ნომერი: 0 901 777 771. „სილქნეტის“ მობილური და ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ ამ ნომერზე დარეკვისას ჩამოჭრილი ერთი ლარი მთლიანად ირიცხება ფონდის ანგარიშზე.

საგანგებოდ შეიქმნა ფონდის ვებ გვერდი: www.wwsf.ge, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციაა, როგორც შემომწირველებისთვის, ისე ბენეფიციარებისთვის. ასევე, განთავსებულია ყველა სიახლე და ფონდის საქმიანობის განახლებადი ანგარიში.

ფონდი თანამშრომლობს: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტთა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან.

სხვა ქვეყნების გამოცდილებით, მსგავსი ფონდების საქმიანობაში ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში აქტიურად არის ჩართული, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნესი და საზოგადოება. „სილქნეტის“ მიერ დაფუძნებული ფონდის მიზანიც სწორედ ის არის, რომ საქართველოშიც პრიორიტეტული გახდეს ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი დაჭრილი მეომრების თანადგომა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ „სილქნეტმა“ ზაფხულში დააფუძნა. დაფუძნებისთანავე „სილქნეტმა“ და დაცვის სამსახურმა, კომპანია „დეტმა“ ფონდის ანგარიშზე ერთობლივად 120 000 ლარი შეიტანეს (100 000 - კომპანია „სილქნეტი“ და 20 000 კომპანია „დეტი“). ფონდი უკვე დაეხმარა რამდენიმე ბენეფიციარს.

(R)