ბრიტანეთის ეკონომიკა მსოფლიო რეიტინგში მეშვიდემდე ჩამოქვეითდება

„როიტერსის“ ინფორმაციით, კომპანია PwC-ს მიერ შესრულებული ანგარიში აჩვენებს, რომ ბრექსიტის შემდეგ, ბრიტანეთის ეკონომიკა მსოფლიო რეიტინგში, მეხუთედან მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდება. იმავე ანგარიშის შესაბამისად, გაერთიანებულ სამეფოს უკან საფრანგეთი და ინდოეთი ჩამოიტოვებენ.

„ბრიტანეთი და საფრანგეთი ეკონომიკების რეიტინგში, ერთმანეთს ხშირად ენაცვლებიან. მაგრამ 2018 და 2019 წლებში ბრიტანული ეკონომიკის მოკრძალებული ზრდის გამო, უპირატესობას საფრანგეთი მოიპოვებს“, - ამბობს PwC-ს ეკონომისტი მაიკ ჯეიკმანი.

ბრექსიტის 2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ, ბრიტანეთის ეკონომიკა შენელდა, სტერლინგის ფასი კი დაეცა.

ჯეიკმანი დასძენს, რომ ამჟამად ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა. ამ ქვეყანას უზარმაზარი მოსახლეობა ჰყავს და ყოველ სულ მოსახლეზე დაბალი საწყისი მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) პირობებში, განვითარების მაღალი პოტენციალი გააჩნია.

PwC-ში მიაჩნიათ, რომ ინდოეთი მომავალ წელს მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებს, საფრანგეთი კი მეექვსეზე დარჩება.