ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის თბილისში ახალი, სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების სახლი გაიხსნა.
სამინისტროს ცნობით, სახლი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა. მათივე ცნობით, ინიციატივას შეუერთდა „m² უძრავი ქონება“, რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა.
სახლი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილიმ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ადამ შმიდტმა და „m² უძრავი ქონებას“ მმართველმა პარტნიორმა შოთა ბერეკაშვილმა გახსნეს.
„სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება არის გარდამავალი მომსახურება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 18 წლამდე ბავშვებისთვის მძიმე და ღრმა დარღვევებით, რომელთაც ჯანმრთელობის რთული პრობლემები აქვთ. მომსახურების მიზანია, უზრუნველყოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვა, ფსიქოსოციალური დახმარება და შესაბამისი პირობების შექმნა ბავშვების განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის. სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება უზრუნველყოფს ბავშვებზე 24 საათიან ზრუნვას, საექთნო მოსახურებას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკური, ფუნქციური და ადაპტაციის უნარების განვითარებას. მომსახურების მიმწოდებლები არიან სპეციალისტთა მულტიდიციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და პედიატრი) და აღმზრდელები. მომსახურება ქმნის ოჯახურ გარემოს ბავშვებისთვის და ხელს უწყობს მათ ინკლუზიას საზოგადოებაში“, - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, სამინისტროსთან თანამშრომლობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდმა აღჭურვა საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურების სახლი და ჩაატარა ტრენინგები პროფესიონალებისთვის, რომლებიც ბავშვებთან იმუშავებენ.