1 000-დოლარიანი ბანკნოტი, რომელიც 3 მილიონი ღირს

შეერთებული შტატების ხაზინამ 1891 წელს გამოუშვა 1 000-დოლარიანი ბანკნოტები, სულ 1 500 ცალი. ოღონდ, მასობრივ ბრუნვაში ისინი არ გამოსულა. მათ ძირითადად ბანკები იყენებდნენ ტრანსფერებისთვის.

სავალუტო აუქციონერი და გალერეა „სტეკს ბოვერსის“ დირექტორი პიტერ ტრელია ამბობს, რომ ეს ბანკნოტები, ერთეული გამონაკლისების გარდა, კერძო პირების ხელში არასდროს მოხვედრილა. არც ბანკების საცავებში ჩერდებოდა დიდხანს - მისი დანიშნულება ხომ შენახვა არ ყოფილა.

ტრელია ამბობს, რომ ხშირი გამოყენების გამო, ეს ბანკნოტები ბრუნვაში მხოლოდ ორი-სამი წელი დარჩა. ამ ბანკნოტებიდან ერთმა სმიტსონიანის მუზეუმში საბოლოოდ დაიდო ბინა. ერთი კი კერძო კოლექციაში მოხვდა და იქ 80 წელი გაატარა. პირველად 1970-იანებში გაიყიდა. კიდევ რამდენიმე კერძო კოლექციების ნაწილია, დანარჩენი ბანკნოტები დაკარგულად ითვლება.

ამ ერთადერთ ეგზემპლარს, რომელსაც მასზე გამოსახულ სენატორ უილიამ მერსის პორტრეტის გამო, „მერსი ნოუტ“ უწოდეს, მალე აუქციონზე გასაყიდად გამოიტანენ. მისი სავარაუდო ფასი 2-3 მილიონი დოლარია. ტრელია ამბობს, რომ როცა ბანკნოტის მფლობელთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა, მან მსოფლიო რეკორდის დამყარება ისურვა. მაგრამ ეს რთული იქნება, რადგან ცნობილია, რომ ერთი მსგავსი ბანკნოტი 2014 წელს 3.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ოღონდ, არა აუქციონზე.

აუქციონზე გამოტანილი ბანკნოტის მფლობელია ვალუტების კოლექციონერი ჯოელ ერ ანდერსონი, ვისაც საკუთარი კოლექციის ლიკვიდაცია დაუწყია. „სტეკს ბოვერსმა“ უკვე მოასწრო მისი კოლექციის დიდი ნაწილის გაყიდვა, რაშიც 26 184 240 დოლარი აიღო.

ტრელია ყვება, რომ 1940-იან წლებში, აღნიშნული ბანკნოტი მინიმალური ფასი ეღირებოდა. მისი გაყიდვის პირველი ფაქტი 1985 წელს არის დაფიქსირებული, როცა „მერსი ნოუტი“ კერძო კოლექციონერებს შორის მიღწეული უშუალო გარიგებით, 25 000 დოლარად გაიყიდა. მეორედაც შუამავლის გარეშე გარიგებით გაიყიდა (1992 წელს), ოღონდ მაშინ უკვე 150 000 დოლარი გადაიხადეს. ბოლო გაყიდვა 2013 წელს დაფიქსირდა, როცა ბანკნოტში უკვე 2.6 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

„სტეკ ბოვერსი“ ამ უიშვიათეს ბანკნოტს გასაყიდად დიდ აუქციონზე გაიტანს, რომელიც ქალაქ ბალტიმორში, 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა 1891 წელს გამოშვებული ბანკნოტებიდან რომელიმე, საჯარო ვაჭრობაზე გაიყიდება.