მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი შეუჩერებლივ იკლებს.
1 ბარელის ფასი უკვე 55 დოლარის ფარგლებშია და ანალიტიკოსები კლებას კიდევ ვარაუდობენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს ტენდენცია ნაწილობრივ აისახა ქართულ ბაზარზეც და ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი ცოტათი გაიაფდა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ შემცირება არ არის გლობალური ტენდენციისა და რეალობის ადეკვატური.
ამერიკაში, ერთი მხრივ, ნავთობის მარაგი გაიზარდა, ხოლო, მეორე მხრივ, ბაზარზე მიწოდების მაჩვენებელმა მოიმატა, რამაც მყისიერი გავლენა მოახდინა ბირჟებზე. მეორე ფაქტორი, რამაც ნედლი ნავთობის გაიაფება გამოიწვია, არის ოპეკისა და რუსეთის ერთობლივი გადაწყვეტილება, მიწოდება გაეზარდათ ბაზრისათვის. ოპეკი ბოლო რამდენიმე წელი მოპოვების შემცირებით ცდილობდა ფასის რეგულირებას. ახლა არსებული შეთანხმება, ფაქტობრივად, გაუქმებულია და ოპეკის მთავარმა მოკავშირე რუსეთმა გაზარდა დღიური მიწოდება სანავთობო ბაზარზე, რამაც პოზიტიურად იმუშავა ფასის შემცირების მიმართულებით. შედეგად ფასმა 85 დოლარიდან 55-მდე დაიწია.
კომპანია „ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კიდევ უფრო დაკლებას ვარაუდობს. სამომავლოდ ეს საქართველოზე დადებითად აისახება არა მხოლოდ საწვავის ფასის, არამედ ეროვნული ვალუტის კურსისა და ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდოს შესამცირებლადაც.
„ნავთობის ფასი 52 დოლარამდე დაიწევს, როგორც სექტემბრიდან მოყოლებული ვამბობდით. ამ ნიშნულზე ცოტა ხნით შენარჩუნდება, შემდეგ კი უკვე უნდა ველოდოთ პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მოიწონებს თუ არა ფასს.
რაც შეეხება საქართველოს, ნავთობზე ფასის შემცირება გამოიწვევს იმ დიდი, უარყოფითი სალდოს შემცირებას, რაც გვაქვს იმპორტ-ექსპორტის კუთხით. ეს წაადგება როგორც ეროვნულ ვალუტას, ისე სავაჭრო ბალანსს და საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, თუ, რა თქმა უნდა, მთავრობა მიხედავს იმ კარტელს, რომელსაც ნავთობპროდუქტების სფეროში ვხვდებით და რომლის გამოც ფასი ხელოვნურია", - აცხადებს „რეზონანსთან" შენგელია.
„ტრანსლოგისტიკის" დირექტორი, ბიზნესის ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილიც ადასტურებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის და 50 აშშ დოლარის ფარგლებში ფასი რამდენიმე წელი შენარჩუნდება.
„ფასი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე შეუქცევადად იკლებს, დიდხანს შენარჩუნდება. ნავთობმომპოვებლებზე დაკვირვებით ასეთ პროგნოზს გამოთქვამს სავალუტო ფონდი, რომ ფასი ახლანდელ და უფრო დაბალ ნიშნულზეც ჩამოვა. რასაკვირველია, არავის აქვს მოლოდინი, რომ კლება 25 დოლარი იქნება, მაგრამ დღევანდელი ფასიდან 5-10 დოლარის დიაპაზონში იმერყევებს. ეს განპირობებულია ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების პოპულარობითა და მიმზიდველობით, რაც უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება.
ამას ემატება ისიც, რომ ირანს სანქციები აიძულებს ფასის მაღლა აწევას. ეს ოპეკის მიზანია – ნაკლების მოპოვება და უფრო ძვირად გაყიდვა. ირანი კი ამას ხელს უშლის, რადგან მას სხვა პრიორიტეტი აქვს. კარტელს ეწინააღმდეგება რუსეთიც, რომელიც საერთოდ არაა ამ ორგანიზაციის წევრი და ისიც მეტ გაყიდვაზეა ორიენტირებული და არა მაინცდამაინც ძალიან მაღალ ფასზე. ამ ყველაფრის შეჯამებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისეთი გაუთვალისწინებელი მოხდეს, რომ ეს ფაქტორები გადაწონის და ფასის დაბალი ნიშნული არ შენარჩუნდეს", - აცხადებს „რეზონანსთან" თარიმანაშვილი.
ანალიტიკოსი ქართული ბაზრის ვითარებასაც აფასებს და ამბობს, რომ დღეს ფასი ბევრად მეტია, ვიდრე ის რეალურად, ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით უნდა იყოს.
„გააჩნია, რომელი პერიოდიდან ავიღებთ ათვლის წერტილს. სინამდვილეში, ფასის კლების ტენდენცია არ უნდა შევაფასოთ ბოლო თვეების მიხედვით. ამ პერიოდშიც კი იმაზე ორჯერ მეტად უნდა გაიაფებულიყო, ვიდრე გაიაფდა. პრობლემა არა ბოლო პერიოდის, არამედ საწყის ფასშია, რომელიც გაბერილია. ნავთობიმპორტიორები შუამავლების საშუალებით ახერხებენ, რომ შემოტანის ფასი იყოს მაღლა და ის, რასაკვირველია, განსხვავდება ოფიციალური ღირებულებისაგან.
სახელმწიფო ნების შემთხვევაში, რომ ეს ე. წ. შუამავლები გამოვლინდნენ, 50 თეთრიდან 1 ლარამდეა შესაძლებელი ფასის შემცირება იმ პირობებში, რაც დღეს ნავთობინდუსტრიაშია. მათ არ აქვთ დამატებითი ხარჯები, არ უწევთ ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლებისთვის თანხის გადახდა ოპერირებისათვის, არ არის რეკეტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიზნესი ისე აჩვენებს თავს, თითქოს ის წამგებიანია.
მაგალითად, შარშან „ვისოლმა" აჩვენა 7-8 მილიონის ზარალი და წელი წაგებით რომ არ დაესრულებინა, თვითმფრინავების საწვავით უზრუნველყოფით დააბალანსა მოგებაზე. შეუძლებელია, ჩვენთან ნავთობპროდუქტების ბიზნესი იყოს წამგებიანი.
შუამავლების გარდა, ხშირია კონკრეტულ ქსელებში აზერბაიჯანული საწვავის რუმინულ და იტალიურ ძვირადღირებულ საწვავად გასაღების ფაქტებიც. ასევე, „სუპერისა" და „რეგულარის" ერთი ავზიდან ჩასხმის შემთხვევები. ეს არ ეხება „ვისოლს". სხვა ბრენდულ გასამართებზე მაქვს საუბარი. ამ ყველაფერს თუ შევაფასებთ, გამოვა, რომ ფასი, რეალურად, ბევრად მაღალია, 1 ლიტრში მოქალაქეები 3 ლარამდე იხდიან და არა ფიქსირებულ 2.30-2.50-ს", - აღნიშნა თარიმანაშვილმა „რეზონანსთან".
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"