„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის განმარტებით, მის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესი კრიმინალს წარმოადგენს და ადამიანები თვითმკვლელობამდეც კი მიჰყავს, საერთაშორისო მასშტაბით ჩატარებული კვლევების საფუძველზე გააკეთა და რომელიმე კონკრეტულ ბიზნესსუბიექტს არ შეხებია.
ამის შესახებ ბახტურიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ამ საქმეზე „სათამაშო ბიზნესასოციაციის“ მიერ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მოსამზადებელი სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.
უფრო კონკრეტულად, „სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ სასამართლოში შეტანილი სარჩელით მოითხოვს, რომ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძემ შეწყვიტოს ისეთი განცხადებების გაკეთება, თითქოს სათამაშო ბიზნესი საქართველოში კრიმინალს წარმოადგენს. ამასთან, ასოციაცია ბახტურიძისგან უკვე გაკეთებული განცხადებების უარყოფასაც მოითხოვს.
„როგორც ცნობილია, 2018 წლის პირველი მაისიდან ძალაში შევიდა „თამბაქოს კონტროლის კანონი“. აპრილის თვეში კი „სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ წარმოადგინა წინადადება, რომ არამხოლოდ კაზინოებში, არამედ სათამაშო ბიზნესის სხვა დაწესებულებეში თამბაქოს მოწევა დასაშვები ყოფილიყო. ამას რა თქმა უნდა, ჩვენი რეაგირება და გარკვეული განცხადებების გაკეთება მოჰყვა. ჩვენ განვაცხადეთ ასეთი რამ, რომ ჩვენი, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ შეფასებით, ეს ბიზნესი არის კრიმინალური იმიტომ, რომ სათამაშო ბიზნესში ხდება ფულის გათეთრება, მომხმარებლების გარკვეული ნაწილი თვითმკვლელობამდე მიჰყავს, ამავდროულად ხდება მათი მომხმარებლის დიდი ნაწილის ქონების განადგურება, ანუ უწევთ რეალიზაცია და უკიდურეს სიღარიბეში ვარდებიან. აქედან ორ ფრაზა არ მოეწონა სათამაშოების ბიზნესს, ეს იყო ფულის გათეთრებისა და თვითმკვლელობების შესახებ ფრაზა. რაც შეეხება იმას, რომ ისინი მასობრივად ძარცვავენ ჩვენს მოსახლეობას, ამაზე პრეტენზია არ გამოუხატავთ. მოითხოვეს პრესკონფერენცია მომეწვია და ამ ბიზნესთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების უარყოფა მომეხდინა. კონკრეტული სათამაშო ბიზნესსუბიექტის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის, „საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის“ პოზიციას, ადვოკატ ნანა ჭკუასელის განმარტებით, გიორგი ბახტურიძის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ სათამაშო ბიზნესი არის კრიმინალური, სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს სათამაშო ბიზნესის დისკრედიტაციას საქართველოში.
აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 2019 წლის 25 იანვრს ჩაინიშნა.