„ბოინგმა“ 17,6 მლრდ დოლარის კონტრაქტი გააფორმა

„ბოინგმა“ წლის მიწურულს ორი დიდი კონტრაქტი გააფორმა, რომელთა შესაბამისადაც, ჯამში 150 სამგზავრო ლაინერ 737 MAX-ზე მიიღო შეკვეთა. ორივე კონტრაქტის ჯამური ღირებულება 17.6 მილიარდი დოლარია.

აღნიშნული ორიდან, უფრო მსხვილი კონტრაქტი ნიგერიულ „გრინ აფრიკა ეარუეიზთან“ გაფორმდა, რომელიც 100 ცალ 737 MAX 8-ს ყიდულობს. ამასთან, კონტრაქტის შესაბამისად, პირველი ტრანშით 50 ლაინერის მიწოდება იგეგმება, დანარჩენ 50-ზე კი ნიგერიულ კომპანიას ოპციის უფლება აქვს.

„ბოინგის“ თვითმფრინავების გამაში, 737 MAX 8 ყველაზე გაყიდვადი ლაინერია. ამერიკულ კომპანიას მასზე 100-ზე მეტი კომპანიისგან, უკვე 4 800-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული. ამასთან, „გრინ აფრიკა ეარუეიზთან“ გაფორმებული კონტრაქტი ყველაზე დიდია აფრიკის კონტინენტიდან.

„ბოინგი“ ვარაუდობს, რომ აფრიკულ ავიაკომპანიებს, შიდა კონტინენტური და საკონტინენტთაშორისო გადაყვანებისთვის, უახლოეს ათწლეულებში 1 190-ზე მეტი ლაინერი დასჭირდებათ.

აფრიკის გარდა, ავიაგადაზიდვებს სწრაფად ზრდიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კომპანიებიც. მათ შორისაა უახლესი საბიუჯეტო კომპანია საუდის არაბეთიდან „ფლაიდეალი“, რომელმაც „ბოინგს“ 50 ცალი 737 MAX შეუკვეთა. აქედან პირველი ტრანში 30 ლაინერის მიწოდებას ითვალისწინებს, დანარჩენ 20-ზე კი კომპანია ოპციის უფლებით სარგებლობს.

ქალაქ ჯედაში ბაზირებული „ფლაიდეალი“ 2017 წლის სექტემბრიდან ოპერირებს და მას შემდეგ, უკვე 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი ჰყავს გადაყვანილი. კომპანიამ მუშაობა რვა ცალი „ეარბას A320-ით“ დაიწყო.