კახა კალაძე - კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული არც ერთი მოქალაქე ბინის გარეშე არ დარჩება

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებულებს მხარდაჭერას უცხადებს და ჰპირდება, რომ არცერთი მათგანი ბინის გარეშე არ დარჩება.

როგორც კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ის პირადადაა ჩართული ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში და დედაქალაქის მერია ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ ყველა დაზარალებულმა კუთვნილი ფართი მიიღოს.

"პირადად მე ჩართული ვარ და საინიციატივო ჯგუფს არაერთხელ შევხვედრივარ. ამ ადამიანებს ჩვენგან სრული თანადგომა და მხარდაჭერა აქვთ. მათ იციან ყველა ინფორმაცია, ყველა დეტალი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვეხმარებით. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება შესაბამისი სამსახურების მხრიდან. უახლოეს მომავალში, როგორც კი საქმე მერიაში წამოვა, ამ ადამიანებს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნებათ. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ძირითადად, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში არიან წასულები იმის გამო, რომ თავიანთი შვილები და ოჯახი არჩინონ. მათ შეიძინეს "სვეტში" ბინები და ისინი მოატყუეს. კიდევ ერთხელ ვპირდები მათ, რომ არცერთი ოჯახი არ დარჩება ბინის გარეშე. ყველას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ის ფართი, რაც ნაყიდი აქვს. დედაქალაქის მერია ამ პროცესებს ყველანაირად ხელს შეუწყობს",- განაცხადა კახა კალაძემ.