სიღარიბე 10%-ით შემცირდა, კერძო სექტორში ყოველწლიურად 40 000-მდე ადამიანი საქმდება - ეს "ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკური გუნდის აღქმაა ქვეყანაში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით.
რეალურად კი, 2012 წლიდან დღემდე სიღარიბე 8%-ით არის შემცირებული, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში საერთოდაც არ შემცირებულა. კერძო სექტორში 3 წლის განმავლობაში მხოლოდ 29 000 კაცი დასაქმდა. გამოდის, რომ ციფრები, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი ასახელებს, მხოლოდ უცხოელების წინაშე თავის მოწონებისთვის თუ გამოდგება.
"ქართული ოცნების" მთავრობას, პრემიერს და მინისტრებს სჯერათ, რომ ქვეყანაში სიღარიბე მცირდება და ხალხს ნაკლებად უჭირს. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან. განცხადებებით აზრის გასამყარებლად იშველიებენ სტატისტიკურ მონაცემებს და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, თუმცა არ ასახელებენ, რომელი სტატისტიკის ან რომელი ორგანიზაციის მონაცემია მათი განცხადებების წყარო.
პირველად შემცირებულ უმუშევრობაზე და სიღარიბეზე სტატისტიკის მოშველიებით საუბარი ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დაიწყო. მინისტრის ინფორმაციით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, საშუალოდ, 40 000 კაცით იზრდება ყოველწლიურად, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სიღარიბე დაიძლიოს.
"აუცილებელია იმის დანახვა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით და ეს ტენდენცია ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მან.
უცნობია, რას ეფუძნება მაჭავარიანის განცხადება, რადგან სრულიად განსხვავებულია "საქსტატის" მონაცემები. 2015 წელს კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 512 000 იყო, 2016 წელს - 530 000, 2017 წელს კი 541 000. შესაბამისად, დასაქმებულთა მატებამ ბოლო 3 წლის განმავლობაში მხოლოდ 29 000 კაცი შეადგინა.
20 დეკემბერს კი მსგავსი შინაარსის ორი განცხადება გახმოვანდა მთავრობის მხრიდან. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე მან "ქართული ოცნების" მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიღწევად ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვეყანაში სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლის 10%-ით შემცირება დაასახელა.
"ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. ამ თვალსაზრისით, შევძელით და 10%-ით შევამცირეთ სიღარიბე. სამწუხაროდ, უნდა ითქვას ისიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში. სამწუხაროდ, კვლავ გამოწვევად რჩება უმუშევრობა. მთავარ ამოცანად ჯერაც რჩება სიღარიბის დაძლევა", - აღნიშნა ბახტაძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას ეფუძნება მისი ცნობები.
ოფიციალური ინფორმაციით კი, ბოლო სამი წლის განმავლობაში სიღარიბე არ შემცირებულა. საქსტატის მონაცემთა მიხედვით, 2012 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 30% ცხოვრობდა, დღეს ეს მაჩვენებელი 21.9%-ზეა. სიღარიბის ძირითადი შემცირება 2013-2015 წლებზე მოდის, როდესაც ეს რიცხვი 30%-დან 21.6%-მდე დავიდა.
მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ 2016 წელს სიღარიბის შემცირების ტენდენცია შეჩერდა და პირიქით, ის 22%-მდე გაიზარდა. 2017 წელს კი მხოლოდ 0.1%-ით შემცირდა.
მთავრობის ეკონომიკური გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიორგი ქობულიაც მიიჩნევს, რომ ხალხი წლიდან წლამდე უკეთესად ცხოვრობს.
"არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს. ეს არ არის მართალი და არც მხოლოდ ჩემი აზრია: ეს არის სტატისტიკა, ფაქტები, რომელიც გვაქვს და არ არის ჩვენი მოგონილი. ჩვენ ბევრი მიმართულებით ძალიან კარგად ვვითარდებოდით, ყოველწლიურად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობაზე. გვაქვს ფაქტები და ციფრები სიღარიბესთან, შემოსავლებთან დაკავშირებით - შემოსავლები იზრდება. ჩვენ ყოველ წელს და ყოველ თვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ.
მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსი შეიცვალა, ინფლაცია ქვეყანაში არის არაუმეტეს 2-2,5%-ისა, რაღაც პროდუქტებზე ფასი გაიზარდა, რაღაც პროდუქციაზე დაეცა… შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს და ზოგს ჰგონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არაა", - განაცხადა მინისტრმა გადაცემაში "დღის ამბები".
სპეციალისტები მთავრობის შეფასებას სხვადასხვა თვალით უყურებენ. პროფესორი ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ ყველა ხელისფლებას მოსწონს ციფრებით სპეკულირება. როგორც წესი, უცხოური სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის არის გათვლილი ყველა მონაცემი, რომელიც ხალხზე რეალურად არ აისახება.
"ციფრებით მანიპულირება არახალია. ეს არის როგორც ამჟამინდელი, ასევე წინა ხელისუფლების სენი. საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის თავმოსაწონებლად კეთდება ასეთი სტატისტიკა. ქვეყნის შიგნით კი, რა ციფრებზეც უნდა იყოს საუბარი, ხალხი ხედავს, საკუთარ თავზე გრძნობს, რომ ცხოვრების დონე რეალურად უცვლელია ან უარესდება.
სიღარიბის დონე 2003 წელს იყო 54% და შემცირება მოხდა არა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, არამედ საარსებო მინიმუმის შემცირების ხარჯზე და ამით სიღარიბის დონე 35 პროცენტამდე შემცირდა. დღესაც მონაცემი, რომელიც ოფიციალურია, ვრცელდება საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანებზე.
21%-იანი ს იღარიბის მაჩვენებელი არის კატასტროფული რეალობა, გამომდინარე იქედან, თუ რა არის მათი რეალური შემოსავალი. ეს ხომ არ არის ხალხი, ვისაც 500 ლარზე ნაკლები აქვს? 170-175 ლარზეა საუბარი და ამაზე ნაკლები შემოსავალი აქვს ყოველ მეხუთე ადამიანს. ცხოვრების დონე იზრდება, უმუშევრობა მცირდება და ქვეყანაში უკეთესი სოციალური ფონია მხოლოდ ციფრებით. ისე კი, ყველა ადამიანი თავის თავზე გრძნობს, რომ ასეთი ტემპით ეკონომიკა ჯანსაღი ვერ იქნება", - აცხადებს "რეზონანსთან" მაკალათია.
პრემიერის ხედვა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკაშვირებით მოსწონს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოს ანდრეა გვიდიანს. მისი აზრით, 8.1%-ის ნაცვლად 10%-იანი შემცირების დასახელება, შესაძლოა, მექანიკური შეცდომა იყოს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სიღარიბე ნამდვილად არის შემცირებული. უნდა აღინიშნოს პრემიერის მიერ დასმული სხვა საინტერესო აქცენტებიც როგორც სიღარიბის შემცირების, ასევე ჭარბვალიანობისა და ეკონომიკის განვითარების კუთხითაც. მესმის, რომ მოსახლეობას, რომელსაც უჭირს, ეს ციფრები არ აინტერესებს, მაგრამ ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ციფრებზეც ისაუბროს მოსახლეობასთან. პრემიერს, შესაძლოა, მექანიკურად შეეშალა ან შეცდომით მოუვიდა 1,9%-ით მეტის თქმა, თუმცა ტენდენცია უდავოა და ის მოსახლეობის ცხოვრების უკეთეს დონეზე მეტყველებს", - განაცხადა გვიდიანმა "რეზონანსთან".
თამარ მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"