გერმანული სტარტაპ კომპანია e.Go Mobile მალე ელექტრომობილების წარმოების დაწყებას გეგმავს.
ერთი შეხედვით, ამაში განსაკუთრებული არაფერია - ელექტრომობილების ბიზნესში ბევრი დამწყები კომპანია ერთვება, რომლებიც მიზნად „ტესლას“ წარმატების გამეორებას ისახავენ.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც e.Go Mobile-ს მიმართ ყურადღებას იმსახურებს: მისი ელექტრომობილები „ტესლა მოდელ 3-ზე“ ორჯერ იაფი ეღირება.
კომპანია e.Go Mobile-ს დამაარსებელია პროფესორი გიუნტერ შუჰი, რომელმაც სახელი მოიხვეჭა ევროპაში ყველაზე გაყიდვად ვენ „სტრიტსკუტერით“, რომლის დიდი პარტიაც 2014 წელს „დოიჩე პოსტმა“ შეიძინა. სწორედ ამ გაყიდვით მიიღო შუჰმა ახალი კომპანიის დაარსებისთვის საჭირო ფული. e.Go-მ სწრაფადვე მოიპოვა ისეთი ძლიერი კომპანიის მხარდაჭერა, როგორიცაა საავტომობილო შასის, სავალი ნაწილების და კომპონენტების მწარმოებელი „ZF ფრიდრიხსჰაფენი“, რომელმაც 135 მილიონ ევროს ინვესტიცია გაიღო პროექტისთვის, რომელიც თვითმავალი მინიბუსის ერთობლივად შემუშავებას ითვალისწინებს.
e.Go-ს პირველი მოდელის სახელია „ლაიფ“. ესაა საქალაქო სუბკომპაქტური ავტომობილი, რომლის სალონშიც ოთხი სავარძელია განლაგებული. ის „ფიატ 500-ზე“ ოდნავ მოკლეა და ელემენტების ბლოკის სამი კონფიგურაციით დამზადდება. მათგან საბაზისოა „e.Go ლაიფ 20“, რომელსაც 14.9 კილოვატსაათი ტევადობის ელემენტების ბლოკი ემსახურება და 27-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი. ასეთ ავტომობილს ერთი სრული დამუხტვით (NEDC-ს სტანდარტით) 121 კილომეტრის გავლა შეუძლია. გერმანიაში მისი ფასი 15 900 ევრო იქნება.
მეორე ვარიანტია „e.Go ლაიფ 40“. ამ შემთხვევაში, ენერგია 17.9 კილოვატსაათის ტევადობის ბლოკში გროვდება, ძრავი კი მაქსიმუმ 54-ცხენისძალიანია. ეს ავტომობილი ერთი სრული დამუხტვით 142 კილომეტრს გაგატარებთ. ამ ვარიანტის საწყისი ფასი 17 400 ევროა.
და მესამე ვარიანტია „e.Go ლაიფ 60“. ის აღჭურვილია 23.9 კილოვატსაათი ტევადობის ბლოკით, რომელიც ენერგიით 80-ცხენისძალიან ელექტრო ძრავს კვებავს. ამ შემთხვევაში, სვლის სიშორე 184 კილომეტრს აღწევს, საბაზო ფასი კი 19 900 ევროა.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, გერმანულ კომპანიას თავის პატარა ელექტრომობილზე (სიგრძე-სიგანე-სიმაღლე და ბაზა 3 438, 1 700, 1567, 2 200 მილიმეტრი) უკვე 3 200 წინასწარი შეკვეთა აქვს მიღებული და შეკვეთების მიღება, წარმოების დაწყებამდე შეაჩერა. წარმოება კი მარტიდან, აახენის ქარხანაში უნდა დაიწყოს. მარკეტინგული გათვლებით, 2022 წლისთვის ელექტრომობილის წლიური წარმოება 100 ათასს მიაღწევს.