გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში წინასაახალწლოდ წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე ღიად და ზოგ შემთხვევაში - ფარულად, ნაძვისა და სოჭის სახეობის ხე-მცენარეები იყო განთავსებული, მძღოლებმა კი შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას, რომ სამართალდამრღვევებს გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრებათ. ხოლო, თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.