საწვავსა და ავტოგაზზე  აქციზის გადასახადი არ შემცირდება

საწვავსა და ავტოგაზზე აქციზის გადასახადი არ შემცირდება.

საფინანსო-საბიუჯეტოს კომიტეტმა უარყოფითი დასკვნა მისცა პარლამენტის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის პროექტს.

პროექტი აქციზის გადასახადის განახევრებას და ძველ ნიშნულზე, 2017 წლის 2 იანვრამდე არსებულ გადასახადებზე დაბრუნებას ითვალისწინებდა. თუმცა საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის შინაარსი გაიზიარეს და კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. კერძოდ, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, ერთი ტონა დიზელის საწვავის - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთი - 400 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე 1000 მ3 გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი და 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა.

თაია არდოტელი