როდესაც დედაქალაქში ამდენი მწვავე სოციალური პრობლემაა, კვლავ იზრდება ბიუროკრატიული ხარჯი, მათ შორის შრომის ანაზღაურების ფონდი ფულადი ჯილდოებისთვის, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაცონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2019 ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საკრებულოში ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარმოდგენილია მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილება. ნადირაძის განცხადებით, მთავრობამ 600 მილიონ ლარზე მეტი ვერ აითვისა წელს და აქედან 170 მილიონს თბილისის მერიას აძლევს.
„დღეს საკრებულოს გაერთიანებულ კომისიებზე გამოდის ორი საკითხი. ესაა 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილება და 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი. მაშინ, როდესაც წლის დასრულებამდე მხოლოდ 5 სამუშაო დღეა დარჩენილი, საქართველოს მთავრობა, რომელმაც 600 მილიონ ლარზე მეტი ვერ აითვისა, გვაძლევს 170 მილიონ ლარს. ეს ნიშნავს, რომ თბილისიც ვერ დახარჯავს ამ თანხას და ავტომატურად მომავალი წლისთვის მოუწევთ ამ თანხის გადატანა. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ თქვას, რომ ბიუჯეტი შეასრულა. კოლმეურნეობის თავმჯდომარეები ფურცელზე და ქაღალდზე რომ ასრულებდნენ ბიუჯეტს, ზუსტად ისე იქნება მათთვის შესრულებული ეს ბიუჯეტი", - განაცხადა ნადირაძემ.