საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის მე-3 კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0,5 პროცენტით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2,5 პროცენტიანი კლებით, რამაც -0,68 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები 0,2 პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალებზე, ხოლო 0,4 პროცენტით - ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე.
მათივე სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა 0,7 პროცენტით. ინდექსის შემცირება, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13,4 პროცენტიანი კლებით, რაც -4,21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
ამასთან, ამავე პერიოდში სამშენებლო მასალებზე ფასების 6,0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც 3,23 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ცვლილებაზე. გარდა ამისა, ფასების ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე (5,4 პროცენტი).