ჩინეთმა გამოაცხადა, რომ 700-ზე მეტი დასახელების იმპორტირებულ და საექსპორტო პროდუქციაზე, ტარიფებს 1-ლი იანვრიდან შეამცირებს. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანამ საკუთარი ეკონომიკის გახსნის მიმართულებით გადადგა.
ამით მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას და მოსახლეობის ხარჯვის შემცირებას შეუწყობს ხელს.
როგორც „ბლუმბერგთან“ საუბრისას ჩინეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ტარიფების შემცირების გარდა, ზოგიერთ პროდუქციაზე ტარიფები დროებით განულდება კიდეც. პროდუქცია, რომლებზეც დროებითი ნულოვანი ტარიფები იმოქმედებს, მალე სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალი ტარიფებით დაიბეგრება.
წელს ეს მესამე შემთხვევაა, როცა ჩინეთი ტარიფებს ამცირებს, რითაც პრეზიდენტ სი ძინპენის მიერ დადებული პირობა სრულდება.
საინტერესოა, რომ ტარიფების შემცირება ამერიკულ პროდუქციასაც ეხება. მათ შორის, სოიოს, რომელიც ამ ქვეყანაში შეერთებული შტატებიდან შედის. სოიოზე დროებითი (ნულოვანი) ტარიფი იმოქმედებს. დროებითი ტარიფები ასევე მზესუმზირაზე, პალმის ზეთზე და სხვა სასოფლო პროდუქციაზე გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომის გამო, ამერიკული სოიო 25 პროცენტით იყო დაბეგრილი, რის გამოც, შტატებიდან მისი იმპორტი შეწყდა კიდეც. თუმცა მსოფლიოს ორი უდიდესი ქვეყანა დროებით „ცეცხლის შეწყვეტაზე“ შეთანხმდა, რაც სავაჭრო ურთიერთობათა თაობაზე გასამართი მოლაპარაკებების პერიოდში გაგრძელდება.
სასოფლო პროდუქციის გარდა, ტარიფები მკვეთრად მცირდება ტექნოლოგიურ პროდუქციაზე. მაგალითად, მხოლოდ 1 პროცენტით დაიბეგრება საავიაციო ძრავები, 5 პროცენტით - შემდუღებელი რობოტები, რომლებსაც საავტომობილო ქარხნები იყენებენ. ტარიფები მცირდება სამედიცინო დიაგნოსტიკის დანადგარებზე, პრინტერებზე, სასუქებზე, რკინის მადნეულზე, ხის მერქანზე, ქვანახშირსა და სხვა.
იმ ქვეყნებთან (მათ შორის საქართველოსთან), რომლებთანაც ჩინეთს ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვს, ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ტარიფები იმოქმედებს, რომლებიც უკვე ისედაც შემცირებული იყო. საქართველოს გარდა, ამ ქვეყნებს შორის არიან ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, შვეიცარია და სხვა.