მსხვილ მწარმოებლებს შესაძლოა, ელექტროენერგია გაუძვირდეთ - „ეს დიდი დარტყმა იქნება კომპანიებისთვის“

მსხვილი კომპანიები ელექტროენერგიის თავისუფალ ბაზარზე შეძენას სავარაუდოდ, 2019 წლის მეორე ნახევრიდან შეძლებენ.

„ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი რევაზ არველაძეა. როგორც დეპუტატი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, კანონპროექტი უკვე დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნა. რევაზ არველაძის განმარტებით, სწორედ მთავრობამ უნდა განსაზღვროს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდება, თუ რომელი კომპანიები შეძლებენ ელექტროენერგიის თავისუფალ ბაზარზე, უშუალოდ გენერაციის ობიექტებიდან, იმპორტით ან საბითუმო მიმწოდებლებისგან შესყიდვას.

„კრიტერიუმების დადგენა 31 იანვრამდე მოხდება. თავდაპირველად მიმდინარე წლის ბოლომდე გვქონდა ვადა განსაზღვრული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის მიღება დაგვიანდა, კრიტერიუმები 31 იანვრამდე ჩამოყალიბდება.“-განაცხადა რევაზ არველაძემ.

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბაზარზე პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტირება კომპანიებისთვის ელექტროენერგიის ფასის ზრდას გამოიწვევს.

„სავარადუდოდ, თავისუფალ ბაზარზე გასვლა დაევალებათ ისეთ მსხვილ ინდუსტრიულ კომპანიებს, რომლებსაც საშუალო თვიური მოხმარება 5 მილიონი კილოვატი და მეტი აქვთ. მაგალითად, როგორიცაა „აზოტი“, „ჰაიდელბერგცემენტი“, „საქართველოს რკინიგზა“ და სხვა. ისინი ვეღარ მიიღებენ სადისტრიბუციო კომპანიების „თელასის“ და „ენერგოპროს“ ელექტროენერგიას, რომლებიც თავის მხრივ იაფ ჰიდროელექტროენერგიას იღებენ.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ესენი არიან მსხვილი მომხმარებლები, რომლებსაც ათასობით ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. კომპანიები, რომლებიც ქმნიან მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციას. ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ამ კომპანიებისთვის და შესაბამისად, ქართული ეკონომიკისთვის. შესაბამისად, მათ მოუწევთ პროდუქციის გამოშვების ან თანამშრომლების რაოდენობის შემცირება ან გაჩერება, რაც მნიშვნელოვანი ზიანი იქნება ეკონომიკისთვის. ვფიქრობ, მათ უნდა მიეცეთ დრო ელექტროენერგიის დაბალ ფასად შეძენისთვის.“-განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისათვის, მოქმედი კანონი ითვალისწინებს საბითუმო ბაზარზე სავალდებულო რეგისტრაციას იმ კომპანიებისთვის, რომელთა საშუალო თვიური მოხმარება 15 მილიონ კილოვატ/საათს აღემატება.

ქრისტინე გამთენაძე