ვინ ასაქმებს საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს (+ინფოგრაფიკა)

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

2018 წლის მე-3 კვარტალში ქვეყნის აქტიური მოსახლეობა - 1 948.4 ათას კაცს შეადგენდა, საიდანაც 237.4 ათასი - უმუშევარი; 1 711.0 ათასი დასაქმებული; 834.5 ათასი - თვითდასაქმებული; 875.7 ათასი - დაქირავებული იყო. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 665,5 ათასი კაცით განისაზღვრა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელ კომპანიებს ჰყავთ ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებული საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წლის საბოლოო მაჩვენებელი მომავალ წელს იქნება, გთავაზობთ 2017 წლის Top-50 კომპანიას დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, ცალკეული კომპანიების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების უფლება მათ არ აქვთ. შესაბამისად, „საქსტატმა“ მხოლოდ ტოპ-50 კომპანიის ჩამონათვალი მოგვაწოდა და აღსანიშნავია, რომ ეს ისიც რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

„საქსტატის“ შემდეგ, ცალკეული კომპანიების მიერ დასაქმებულთა რაოდენობა ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზეც გადავამოწმეთ. აღსანიშნავია, რომ 50 ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიიდან ანგარიშგება 32 კომპანიას აქვს შევსებული. აქედან, ხუთი კომპანია მე-2 კატეგორიაშია. კერძოდ, ეს კომპანიებია, შპს „ავერსი-რაციონალი“, რომლის თანამშრომლების რაოდენობაც 2017 წლის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებით - 1 109 ადამიანი იყო; შპს "აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრს" 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასაქმებული ჰყავდა - 1 140-ზე მეტი ადამიანი; შპს „სერვის ნეტ გრუპის“ თანამშრომელთა რიცხვი კი ამავე პერიოდში 986 ადამიანი იყო.

ხუთეულში არის ასევე - შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა”, რომელსაც ანგარიშგებაში დასაქმებულთა რაოდენობა არ აქვს მითითებული და შპს „აჭარა ტექსტილე“, რომლის ორ სამკერვალო საწარმოში 1 700 ადამიანია დასაქმებული, კიდევ ერთ, ფოთში მდებარე საწარმოში კი ამ ეტაპზე 700 ადამიანი მუშაობს, თუმცა საწარმო არასრული დატვირთვით ფუნქციონირებს და სრულად ამოქმედების შემდეგ იქ 3000 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

ფინანსური ანგარიშგება გამოქვეყნებული აქვს ოთხ საზოგადოებრივი დაინტერესების პირსაც. ესენია: სს“თელასი“; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“; სს „სილქნეტი” და სს „ნიკორა ტრეიდი“. მათი თანამშრომლების რაოდენობა 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შემდეგნაირად ნაწილდება : თელასი - 2 ათასზე მეტი დასაქმებული; GWP – 3 ათასზე მეტი თანამშრომელი, ხოლო „ნიკორას“ 2017 წლის ბოლოს 2 852, უკვე 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი 4 561 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. რაც შეეხება „სილქნეტს“, მას თანამშრომელთა რიცხვი არ აქვს მითითებული.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, 50 მსხვილი დამსაქმებელი კომპანიიდან, ყველაზე მეტი - 23 საწარმო 1-ელ კატეგორიაში მოხვდა, ეს კი ნიშნავს, რომ თითოეულის - აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება. ამათგან, დასაქმებულთა რაოდენობა დოკუმენტაციაში 15 კომპანიას აქვს მითითებული.

კერძოდ, ამ კომპანიათა დასაქმებულების რაოდენობა 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

სს „გეფა“ - 3 750-ზე მეტი დასაქმებული;

სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 1 969 თანამშრომელი, კონსოლიდირებულად კი 2 087 თანამშრომელი;

შპს „პსპ ფარმა“ - 3 291 თანამშრომელი;

შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ - 1 394, კონსოლიდირებულად კი - 1 700-მდე დასაქმებული;

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ – 2 512 თანამშრომელი;

შპს „მაგთიკომი“ – 2 383 ადამიანი, ხოლო - „მაგთიკომი“ და „დელტაკომი“ ჯამურად 2 872 თანამშრომელი;

შპს „ნიუ ჰოსპიტალსი“ - 1 200 თანამშრომელი;

შპს „ავერსი-ფარმა“ – 3 175, კონსოლიდირებულად კი, 10 432 თანამშრომელი;

შპს „ავერსის კლინიკა“ - 1 629 დასაქმებული;

შპს „ანაგი“ – 1 684 დასაქმებული;

შპს „ბი ემ სი გორგია“ – 1 326 დასაქმებული;

სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ - 3 100-ზე მეტი, კონსოლიდირებულად კი - 3 800-ზე მეტი დასაქმებული;

შპს „უნიმედი აჭარა“ - 1 320-ზე მეტი დასაქმებული;

შპს „უნიმედი კახეთი“ – 1 770-ზე მეტი, კონსოლიდირებულად კი 3 200-ზე მეტი დასაქმებული;

შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ (კარფური) – 2 148 დასაქმებული.

ინფოგრაფიკა: ნინი ქეთელაური

თაია არდოტელი