ვისგან და რა მსხვილ ქონებას იღებენ პარლამენტარები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს აგრძელებს.

ამჯერად, ორგანიზაციამ დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული მსხვილი საჩუქრების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დეპუტატები მსხვილ საჩუქრებს ძირითადად ახლო ნათესავებისგან იღებენ. ორგანიზაცია იმ დეპუტატების/მათი ოჯახის წევრების ჩამონათვალსაც ავრცელებს, რომლებმაც ბოლოს შევსებული უახლესი დეკლარაციების თანახმად (2017-18) მსხვილი საჩუქრები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში მყოფ დეპუტატებს შორის ყველა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია. ესენი არიან დეპუტატები: დავით მათიკაშვილი, რომელმაც მამისგან 120 000 აშშ დოლარი; კახაბერ ოქრიაშვილი, რომელსაც შვილისგან 1 250 000 ლარის ღირებულების წილი; ნინო წილოსანს მამისგან 100 000 ლარი აქვს მიღებული. ჩამონათვალში მოხვდა ასევე ზაზა გაბუნია, რომელმაც ოჯახის წევრისგან 56 000 აშშ დოლარი მიიღო. რაც შეეხება დეპუტატების ოჯახის წევრებს, უმრავლესობის დეპუტატ რომან მუჩიაშვილის მეუღლეს თამარ მუჩიაშვილს - 50 000 აშშ დოლარი აქვს მიღებული, თუმცა, საჩუქრის გამცემი პირი მითითებული არ არის დეკლარაციაში; ირაკლი სესიაშვილის მეუღლეს თინათინ კიკილაშვილს - ნათესავისგან 12 900 აშშ დოლარის ღირებულების აქციები; ირაკლი აბუსერიძის მეუღლეს თეა კვიჟინაძეს - მამისგან 80 000 აშშ დოლარის ღირებულების ბინა და 5 000 აშშ დოლარის ღირებულების სარდაფი, ბებისგან კი, 180 000 აშშ დოლარის ღირებულების ბინა აქვს მიღებული; ვანო ზარდიაშვილის მეუღლეს თინათინ აბრალავას - 170 000 ლარისა და 60 000 ლარის ღირებულების ორი ბინა აქვს მიღებული, თუმცა, გამცემი არ ჰყავს მითითებული; მუხრან ვახტანგაძის მეუღლემ მარგალიტა ჭყონიამ 2017-2018 წლებში 27 600 აშშ დოლარის ღირებულების ბინა მიიღო, თუმცა საჩუქრის გამცემი არ არის დეკლარაციაში მითითებული; შალვა კიკნაველიძის მეუღლეს თათია სახელაშვილს მშობლებისგან საჩუქრის სახით 22 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომანქანა აქვს მიღებული; გიორგი წერეთლის მეუღლემ ეკა კანდელაკმა კი საანგარიშო პერიოდში მშობლებისგან 5 000 აშშ დოლარი მიიღო, ამასთან, მასვე საჩუქრის სახით მიღებული აქვს 4 912 ფუნტი სტერლინგი, თუმცა, ვისგან - არ აქვს აღნიშნული. აღსანიშნავია, რომ დეპუტატების ოჯახის წევრთა შემთხვევაშიც, საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებზე და მხოლოდ ერთი გიორგი წერეთელი წარმოადგენს საპარლამენტო უმცირესობას. „თანამდებობის პირს არ ეკრძალება საჩუქრის მიღება, თუმცა, მოქმედებს გარკვეული სახის შეზღუდვები. კერძოდ, საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა - 5%-ს. თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში მიუთითოს მისი/მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს,“-აღნიშნულია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საჩუქრად არ ითვლება საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ახლო ნათესავის (მათ შორის ოჯახის წევრის, მშობლის, დის, ძმის) მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, თუმცა, ეს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრის დეკლარირების ვალდებულებისგან.

თაია არდოტელი