„რეზონანსი" - ხვალ გაზს გააძვირებენ, თუმცა მოსახლეობა შეიძლება, დაინდონ

გაზის სამომხმარებლო ტარიფი შესაძლოა, შენარჩუნდეს, მაგრამ კომერციული სექტორისათვის გადასახადი გაიზარდოს.

ხვალ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალ ტარიფს დაადგენს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სემეკ-ში გადასახადის გაძვირებას ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის ტენდენცია მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ცვლილება მხოლოდ კომერციული გაზის ტარიფზე აისახება, რასაც ენერგეტიკოსების ნაწილიც იზიარებს. ისინი ამბობენ, რომ გაძვირება მხოლოდ საწარმოებს შეეხება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც.

საკუთრივ მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ტარიფის შესაძლო გაძვირებას არ ადასტურებს, მაგრამ არც გამორიცხავს. სემეკ-ის წევრ გოჩა შონიას თქმით, ტარიფში ლარის კურსთან ერთად გათვალისწინებული იქება ყველა ის კომპონენტი, რომლებიც ტარიფის ფორმირების პროცესში მონაწილეობს.

„წინასწარ სატარიფო ცვლილებებზე საუბარი გამიჭირდება, რადგან დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, თითოეული ნიუანსი გაანგარიშებულია. ყველა კომპონენტი გათვალისწინებულია. საინვესტიციო ხარჯი, განაწილება, ლარის კურსი და სხვა და სხვა, თითოეული ხარჯი დეტალურად შესწავლილია და ლოგიკურია, რომ ყველაფერი ახდენს გავლენას ტარიფზე. ვერ გამოვყოფ, რომელი კომპონენტი უფრო მეტად ან ნაკლებად იქონიებს გავლენას ფასის კორექტირებისას. ძალიან რთულია საუბარი, რომ გადასახადი მოიმატებს, ამას ვერ დაგიდასტურებთ, სანამ სემეკ-ის სხდომა არ ჩატარდება", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" შონიამ.

თუმცა ენერგეტიკოსები განსხვავებულად ფიქრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ტარიფის ზრდა არაარგუმენტირებულია და სემეკ-მა ასეთი ნაბიჯი, მით უმეტეს, წინასაახალწლოდ, არ უნდა გადადგას.

ეკონომისტების გათვლით კი, ცვლილებას კომერციული სექტორი ვერ გადაურჩება, განსხვავებით სამომხმარებლო ნაწილისაგან, რომლის ტარიფი, დიდი ალბათობით, შენარჩუნდება. ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ დამოუკიდებელი ანალიზი ჩაატარა, რის საფუძველზეც ამტკიცებს, რომ მოსახლეობას გადასახადს არ გაუძვირებენ.

„საყოფაცხოვრებო ტარიფი არ გაძვირდება და მისი დაკომპენსირება სოციალური გზით მოხდება. ეს შეეხება თავისუფალ კონტრაქტებს. ცხადია, რომ ფასი არ შემცირდება, მაგრამ არც უნდა მოიმატოს.

რაც შეეხება კომერციულ სექტორს, იქ ტარიფს გააძვირებენ. თავდაპირველად იყო საუბარი, რომ ამ მიმართულებით გადასახადი 8-10%-ით მოიმატებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზრებზე არსებულმა ვითარებამ ეს დამოკიდებულება შეცვალა. იმდენად დაეცა ნავთობის ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე, რომ უკვე შეუძლებელია განჭვრეტა, რა დოზით იქნება ზეგავლენა სამომავლოდ ბუნებრივ აირზეც. ტრადიციულად, როგორც კი ნედლი ნავთობის ფასი დაეცემა, მას მალევე მიჰყვება გაზის ფასიც, ამიტომ სხვაობა, ვფიქრობ, მინიმალური იქნება.

ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ თბილისსა და რეგიონში საყოფაცხოვრებო ტარიფი აიწევს. მართალია, ამაზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ჩემი ანალიზის საფუძველზე შემიძლია თამამად თქმა, რომ მოსახლეობას გაზს არ გაუძვირებენ და ცვლილება მხოლოდ კომერციული გაზის ტარიფზე აისახება", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" ჯგერენაია.

ეკონომისტის პოზიცია ნაწილობრივ მისაღებია ენერგეტიკოსებისთვისაც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რეალურად არც კომერციული გაზი უნდა გაძვირდეს, რადგან ამისათვის სემეკ-ს საფუძველი არ აქვს. ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძის თქმით, გადასახადს თუ არ გააიაფებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმავე დონეზე უნდა დარჩეს.

„გაზის გაძვირება საახალწლოდ მოსახლეობისათვის ცუდი სიგნალია. რეალურად, არც კომერციული ტარიფი უნდა გაძვირდეს. რა მნიშვნელობა აქვს, კომერციული იქნება თუ სამომხმარებლო, დიფერენცირება არ მგონია სწორი. „ყაზტრანსგაზ-თბილისზე" თუ არის საუბარი, გაიყიდა და ინვესტორს 100 მილიონიანი ვალი უკვე ჩამოაწერეს, არავითარი ინვესტიცია ჯერ არ განუხორციელებიათ და რატომ უნდა გააძვირონ?

თანაც, ჩვენ არ ვიცით შემოტანილი ბუნებრივი აირის რეალური ფასი, ესეც არასამართლიანი მგონია. ამ ყველაფერს სხვა შეფასება უნდა, ბევრი გაუგებარი მომენტია ბუნებრივი აირის სექტორში, რომელიც ეხება იმავე საშუამავლო კომპანიებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით მოქმედებენ და ტარიფსაც მათი მეშვეობით აძვირებენ.

მიმაჩნია, რომ სემეკ-მა კომპანიების მოთხოვნა არ უნდა დააკმაყოფილოს. არგუმენტებით, რაც ხელთ გვაქვს, გადასახადი არ უნდა გაიზარდოს, მაგრამ ამ სფეროში განუკითხაობაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ლოგიკითა და გათვლებით ამ შედეგს ვერ განვსაზღვრავთ, სანამ კონკრეტული მოცემულობის წინაშე არ აღმოვჩნდებით", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" ჭიჭინაძე.

სამომხმარებლო ტარიფში მცირე ცვლილებას არ გამორიცხავს ენერგეტიკოსი გია არაბიძე, რომლის ვარაუდითაც, გადასახადი განსაკუთრებით რეგიონებში მოიმატებს და შესაძლოა, თბილისს ცვლილება არ შეეხოს.

„როგორც წესი, ტარიფის მნიშვნელოვანი მდგენელი არის ჩადებული ინვესტიცია, რომელიც გარკვეულ ნაწილებად გაიყო. თუ მოხერხდა და „სოკართან", ანუ ინვესტიციების ჩამდებთან შეთანხმება შედგა, რომ ტარიფს მაქსიმალური ტვირთი არ დააწვეს ინვესტიციების ამოსაღებად დახარჯის გადანაწილება წლების მიხედვით მოხდეს, მაშინ სამომხმარებლო ტარიფის სერიოზული მატება არ იქნება, მაგრამ ცოტათი გაძვირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებში მეტი ინვესტიცია განხორციელდა, იქ ტარიფსაც უფრო მეტად გაზრდიან, ვიდრე ეს თბილისის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. მთლიანობაში, გაძვირება გარდაუვალია. ლარის კურსი და ინვესტიციები ამ მხრივ გარკვეულ გავლენას მოახდენს", - ამბობს არაბიძე და დასძენს, რომ გადასახადის სიდიდის მიხედვით სხვაობა დედაქალაქსა და რეგიონებს შორის არ იქნება მცირე.

„ველოდები, რომ დედაქალაქში გადასახადი 2-3 თეთრის ფარგლებში მოიმატებს. რაიონებში სამომხმარებლო ტარიფი ისედაც მეტია, რამდენადაც იქ ტრანსპორტირების ხარჯი უფრო დიდია. სხვადასხვა რეგიონისათვის ეს მაჩვენებელი სხვადასხვა იქნება. იქ რამდენიმე წვრილი კომპანიაა და თითოეულს განსხვავებული ტარიფი ექნება განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით. სად მეტი იქნება ეს გადასახადი, ჯერჯერობით ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა დედაქალაქთან შედარებით, სხვაობა არ იქნება უმნიშვნელო", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან„ გია არაბიძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"