ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი ნაკლები უნდა იყოს ეკონომიკაში, ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, როდესაც ქვეყანაში დოლარის მოცულობა მეტია, ამ სიტუაციაში ლარის კურსი მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლით შეიძლება დაეცეს.
„ყველა ფიქრობთ ლარის კურსზე. არ მოგაწყენთ ბევრი ციფრით, ბევრი გათვლაა გაკეთებული. ძირითადი გზავნილი აქ არის შემდეგი: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ლარის კურსს აქვს სტაბილურობა, ის შეიძლება იყო გამყარებული კიდეც, მაგრამ როგორც მინიმუმ იქნება სტაბილური. ეს არ არის ჩვენი განცდა, ეს არის მათემატიკაზე დამყარებული დასკვნები. მარტივად რომ ვთქვა, ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი ნაკლები უნდა იყოს ეკონომიკაში, ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც. დოლარი უნდა იყოს ნაკლები. მოგიყვანეთ დაანგარიშება 2017 და 2018 წლებს შორის. ნაკლები კი არა 65 მილიონი დოლარით მეტი იყო ეკონომიკაში. რისგან უნდა გაიაფდეს ლარი? ამ სიტუაციაში ლარი მხოლოდ შეიძლება იმით გაიაფდეს, თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები, თორემ ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს. ამას ფიზიკის და ეკონომიკის კანონები ეწინააღმდეგება,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.