კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 336.1 მლნ ლარით (1.3 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.6 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 26.1 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 87.7 მლნ ლარით (0.8 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 248.4 მლნ ლარით (1.7 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.2 პროცენტით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.9 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 1.7 პროცენტით მეტი).
2018 წლის ნოემბრის განმავლობაში 0.8 პროცენტით ანუ 111.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 13.9 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.14 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.22 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.34 პროცენტული პუნქტით).