გიორგი ქობულია - რკინიგზის ეფექტურობის ამაღლებას ვგეგმავთ

ჩვენ ვგეგმავთ რკინიგზის ეფექტურობის ამაღლებას, რაც მოიცავს როგორც რეფორმას, აგრეთვე კერძო ოპერატორების დაშვებას სავალ ნაწილზე,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, არამხოლოდ რკინიგზის, არამედ მთელი ლოგისტიკური სისტემის ეფექტურობაა გასაზრდელი.

„ჩვენ ვგეგმავთ რკინიგზის ეფექტურობის ამაღლებას, რაც მოიცავს როგორც რეფორმას, აგრეთვე კერძო ოპერატორების დაშვებას სავალ ნაწილზე. რაც შეეხება რკინიგზის ტვირთების შემცირებას, ეს არის მიზეზი არამხოლოდ იმისა, რომ რკინიგზის ეფექტურობაზე კითხვები გვაქვს, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ გაიხსნა ალტერნატიული სატრანზიტო გზები, ნავთობისთვის გაიხსნა დიდი ნავთობსადენები, რომლებიც უფრო ეფექტურია, ვიდრე რკინიგზა. ამიტომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი რკინიგზის კი არა, მთელი ლოგისტიკური სისტემის ეფექტურობა უნდა გავზარდოთ. რაზეც გვაქვს გეგმა, ეს ეხება საზღვაო ტრანსპორტს, პორტებს, რკინიგზას და აგრეთვე კარგად უნდა დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენი სატრანსპორტო დერეფნების ეფექტურობაზე. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის მხოლოდ რკინიგზის საკითხი. ეს არის მთელი ლოგისტიკური ჯაჭვის სისტემური საკითხი,"- განაცხადა გიორგი ქობულიამ.