ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 2018 წელი შეაფასა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლებიც ისტორიას დარჩება.
ოთარ გრიგოლიას აზრით, ყველაზე საინტერესო ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაცია- რეკონსტრუქცია იყო. ოთარ გრიგოლიამ ასევე მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობაზე ისაუბრა და მათ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო შრომის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე. როგორც იცით, 2018 წელს მუნიციპალური ინსპექციასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების მონიტორინგის პროცესში მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ჩაერთო. ეს სამსახური სამშენებლო ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას ზედამხედველობას უწევს. პროექტი შრომის ინსპექციის მხრიდან შეფასდა, როგორც პროდუქტიული. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე წელს თბილისში სამშენებლო ობიექტებზე სიკვდილიანობის და დაზიანებების რაოდენობა 10-ჯერ შემცირდა. ეს სწორედ ამ რეფორმის შედეგია. მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალურ ინსპექციას“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.