2019 წლის იანვრიდან, 50-ლარიან დახმარებას 144 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, 50-ლარიანი დახმარება იანვარში ყველა მათგანს ფულადი სახით ჩაერიცხება, თებერვლიდან კი მუნიციპალიტეტების მიხედვით, განსხვავებული ფორმით გაიცემა: ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შერეული (ფულადი და ვაუჩერული), ხოლო ზოგიერთში მხოლოდ ფულადი სახით.
ამასთან, ფულადი დახმარების გაცემის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.