ე.წ. ბასლეინებთან დამრღვევი მძღოლების დასაჯარიმებლად შესაძლოა კამერები დააყენონ, ხოლო ველობილიკებზე წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზარდოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. როდესაც ინფრასტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ უცხოელი ექსპერტების რჩევებს, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იყოს შეუფერხებელი, სწრაფი და შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები გვაქვს განკუთვნილი, რათა ისინი ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში მერია შეეცდება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მეტი უპირატესობით ისარგებლოს და შეიზღუდოს კერძო სატრანსპორტო საშუალებების მომსახურეობა.
„ჩვენ დღეს ვაწყდებით პრობლემებს, იქ, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლები შეიქმნა, ხშირია შემთხვევები, როცა ამ გზებზე ჩვეულებრივი ავტომობილები გადაადგილდებიან, რაც დარღვევაა და არ არის სწორი. ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, - განაცხადა კალაძემ და თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მიმართა, რომ კომუნიკაცია ჰქონდეს საპატრულო პოლიციასთან აღნიშნულ საკითხზე.
„მე გიორგი გახარიასთან მქონდა საუბარი და მათი მხრიდან არის სრული მზაობა, თანადგომა. თუ საჭიროა აუცილებლად დავაყენოთ კამერები, რადგან ვინც დაარღვევს, აუცილებლად უნდა დაჯარიმდეს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები არის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. იგივე დამოკიდებულება მაქვს ველო ბილიკებთან მიმართებაში. გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ სუფთა ტრანსპორტს. ველო ბილიკები იმიტომ კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა იყოს ფეხით გადაადგილების, ველოსიპედებით სარგებლობის და ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში მაქსიმალურად გავითვალისწინებთ იმ ხედვებს და მიდგომებს, რაც კოსტავა-შარტავას მონაკვეთზე გვქონდა. საკმაოდ კარგი პროექტი გამოვიდა. ჩემი თხოვნა იქნება, აქაც მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ. ჩართეთ ამ საკითხის კონტროლში თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თუ საჭირო იქნება, გავზარდოთ ჯარიმები, მივიღოთ გადაწყვეტილება ამაზე. ქალაქში უნდა იყოს წესრიგი“, - განაცხადა კახა კალაძემ.